sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

Bookstore on Rennweg or the Entrance in the Eternity

The indroducing article to my series of book reviews for Georgian press.Article is in Georgian language.

მაღაზია რენვეგზე ანუ შესასვლელი მარადისობაში

 

ერთი შეხევდით, მის შესასვლელში განსაკუთრებული არაფერია, კართან ღარიბთა ჟურნალის გამყიდველი დგას, საკმაოდ მორიდებულია და ყურადღება თუ ძალიან არ გაამახვილე, შეიძლება ვერც შეამჩნიო. მარჯვნივ და მარცხნივ სალაროები მოგხვდება თვალში და ახლა რომ ვიხსენებ ყველაფერი მწვანე და წითელ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. დარბაზის ცენტრში ესკალატორია, ისე რომ პირველი სართულის დათვალიერება არც მოგინდება კაცს, პირდაპირ მეორისკენ მიგიწევს გული. მეორეზე სურათი არ იცვლება: მწვანე და წითელი ფერები და თან უამრავი, უამრავი თარო. ალბათ, განსაკუთრებული რამ იქნებოდა ეს შესასვლელი სადმე სხვაგან, მსოფლიოს ნებისმიერ ქუჩაზე რომ იყოს და არა რენვეგზე… რენვეიგისთვის მეტისმეტად უბრალოა.

- - - - -

ჩემს ამჟამინდელ სამსახურში მაინც უნდა დადიოდე კაცი, ხელფასსაც რომ არ გიხდიდნენ. უნდა დადიოდე იმიტომ, რომ სამუშაო ოთახები ცენტრალიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის მოშორებული. ცენტრალს, როგორც სიტყვა თავადვე მიგვანიშნებს, ცენტრალი იმიტომ ჰქვია, რომ იგი ციურიხის ერთ-ერთი მთავარი მოედანია და მასზე მდგომი რამდენიმე წუთში მიაღწევ მსოფლიოს უძვირეს და შვეიცარიის უმთავრეს ქუჩას - ქუჩას რომელზედაც ადამიანს ნებისმიერი ოცნების ახდენა შეუძლია, რაოდენ ორიგინალურიც უნდა იყოს იგი. აბა წარმოიდგინეთ, რა უნდა იყოს იმაზე უჩვეულო სამსახურიდან გამოსულმა პირდპირ მარადისობაში მოხვედრა მოითხოვო? ამ ქუჩაზე ანდა მის ახლო-მახლო ესეც კი შეაძლებელია. მკითხველს სამსახურიდან გამოსვლისთანავე მარადისობაში მოხვედრის ამბავი, თავდაპირველად, უცნაურ ახირებად უნდა მოეჩვენოს. მაგრამ აბა დავუფიქრდეთ, რა უნდა ჯობდეს სამუშაო დღის დაასრულების შემდეგ, როცა გადაღლილი, კომპიუტერის ხმადაბალი მაგრამ გამუდმებული ზუზუნით გულშეწუხებული, მონაცემთა ბაზის ერთფეროვნებით ფლეგმატურ მდგომარეობაში მყოფი, მოულოდნელად მარადისობაში ამოყოფ თავს?

მერე რა, რომ მისი ცნობა შესასვლელთან შეუძლებელია. ჩემი ღმა რწმენით, ეს სპაციალურადაც არის გაკეთებული, რათა მარადისობა ცოტა შეინიღბოს. სხვა შემთხვევაში ხომ მასში ყველა შევიდოდა და სადღა იქნებოდა ის მისტერია, რომელიც მარადისობას ყოველთვის უნდა ახლდეს თან?

დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანი უკვე მრავალჯერ მოხვედრილა მარადისობაში. მოხვედრილა, მოწონებია იქაურობა, მაგრამ ვერც კი შეუმჩნევია სად არის. იცოდით, რომ სამყაროს - მარადისობის თანახმად - ხან დასასრული აქვს და ხანაც უსასრულოა? მისი სასრულობა და უსასრულობა ყოველ დღე ანდა თუნდაც ყოველ წუთს იცვლება - გააჩნია, მარადისობის რომელ კუთხეს აირჩევთ სამყაროზე დასაკვირვებლად. მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ გინდ დასადრულით და გინდ უსასრულოდ ადამიანი სამყაროს ამ ყოველ კუთხე-კუჭულში უკვე ნამყოფია და ყველაფერი შემეცნებული აქვს. პარადოქსული კი ის, რომ ამ ყველაფრის შემეცნების მიუხედავად აღმოსაჩენი კიდევ ბევრი რამ არის.

აი, მაგალითად, სულ ახლახანს დავიდ ვროვბლესკიმ აღმოაჩინა ბიჭი, რომელიც ძაღლებს ელაპარაკება და თანაც ხმას არ იღებს. ეს სიახლე მან თავის ჰიპნოტურ რომან “ედგარ საუტელის ამბავში” მოგვითხრო. მხოლოდ ანდრე დებუს მესამის “ბოლო დღეების ბაღიდან” თუ გაიგებთ, რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ფლორიდასა და ტერორიზმს. და მარტო კეთრინ ჰარისონი თუ გიამბობთ იმას, თუ რატომ არის საჭირო იმის თქმა, რისი თქმაც - პრინციპში - არ შეიძლება.

მართალია მარადისობა,რომელსაც ზოგნი წიგნების მაღაზიად მოიხსენიებენ, უბრალოებით არის შენიღბული, უკვე ბევრმა მოახერხა მის მიღმა დამალული საიდუმლოს აღმოჩენა. იგი ძალიან წააგავს აზიმოვის მიერ “მარადისობის დასასრულში” აღწერილ ინსტიტუტს, რომელიც გარედან აკვირდება თანამედროვე საზოგადოებას და მასში მინდინარე მოვლენებს საჭიროებისამებრ ცვლის. მარადისობაში შესული ნებისმიერი ადამიანი თავადვე იქცევა ამ რომანის გმირად, რადგანაც იქიდან გამოსული ადამიანი შეუძლებელია იყოს ის, რაც შესვლისას გახლდათ. ეს საკუთარ თავზე უკვე მრავალჯერ მაქვს გამოცდილი. მარადისობა ხშირად უაღრესად წააგავს ბორხესის ბაბილონის ბიბლიოთეკას თავისი ჰექსაგონური ფორმით. ესეც პარადოქსია, ახლა რომ მკითხოთ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მას უეჭველად ოვალური ფორმა აქვს მაგრამ მაინც ინარჩუნებს ჰექსაგონურ მოხაზულობას. შთაბეჭდილება, რომ იგი მეხუთე სართულზე სრულდება, მცადრია, მისი უსასრულობის აღმოსაჩენად თაროდან ერთი წიგნის გამოღებაც კი კმარა.

მასში უამრავ ხალხს შეხვდებით და თითოეულ მათგანს მარადისობის მონახულების საკუთარი მიზანი ამოძრავებს. ჩემთვის იქ ყოფნა საუკეთესო საშუალებაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავინახო სამყაროს სილამაზე (თუნდაც თავისი მუქი მხარეებით, რომელიც შეუფერებლად ისახება მარადისობაშიც) და კიდევ უამრავი რამ გავიგო უსასრულო სამყაროში მომხდარ საოცარ ამბებზე.

ამ პუბლიცისტური პროექტის მიზანი ის გახლავთ, რომ თვეში ერთხელ გაგიზიაროთ სწორედ ეს სიახლეები მარდისობიდან, რომელსაც შესასვლელი არა მარტო რენვეგზე (დარწმუნებული ვარ ამაში), არამედ თქვენი სახლის ანდა თუნდაც სამსახურის ახლო-მახლოც ექნება.

 

 

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli