sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

Furthermore, I Think... Constitution!

Full Version only in Georgian language

თუმცა ვფიქრობ... კონსტიტუცია!

25.05.2009

Ceterum censeo Carthaginem esse delendam: კატონ უფროსი

არც ისეთი მცდარი აზრები მაქვს, როგორც მეგონა. ეს იყო პირველი, რაც გავიფიქრე პროფესორ როჯერ მაიერსონის “ხელმძღვანელობა, ნდობა და ძალაუფლება” ლექციის პირველი ორი წინადედაების მოსმენის შემდეგ. პროფესორი მაიერსონი, მოგეხსენებათ, 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკაში და მის ლექციაზე წაუსვლელობა დაუშვებელი იქნებოდა. მას ციურიხში არც თუ ისე ხშირად შეხვდება კაცი.

ახალგაზრდობაში – ასე დაიწყო მან თავისი სიტყვა – უფრო სხვა საკითხებით ვიყავი დაკავებული. ახლა კი ვთვლი, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, ძალაუფლების გადანაწილება და სახელმწიფო ინსტიტუციათა ერთმანეთთან კონკურენცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ქვეყნის განვითარებისთვის – ეს წყვეტს, შეძლებს თუ არა ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც არის ინგლისი (ვთქვათ, საფრანგეთთან შედარებით) ნახევარი მსოფლიო დაიპყროს თუ განუვითარებელი დარჩეს. პროფესორის შემდგომი სიტყვებისთვის კარგა ხანს ყურადრება აღარ მიმიქცევია. Aასეთი მოკავშირე მყოლია და არ ვიცოდი – ვიმეორებდი ჩემთვის წამდაუწუმ. ცოდვა გამხელილი ჯობია და ჯერ კიდევ ორი კვირს წინ მაიერსონის მოღვაწობისთვის დიდი ყუარდრება არ მიმიქცევია. რომ არა ჩვენს ინსტიტუტში ყოველ სართულზე გამოკრული დიდი პლაკატი, რომელიც მის ჩამოსვლას იუწყებოდა, ალბათ, ახლაც იგივე დღეში ვიქნებოდი.


პროფესორმა გასულ კვირას ზუსტად იგივე თქვა, რითაც მე ჩემი სტატიების მკითხველებს უკვე დიდი ხანია თავი შევაწყინე: ქვეყნის კეთილდღეობას დაბალანსებული სახელისუფლებო სისტემა წყვეტს და ეს წონასწორობა დაცული თუ დარღვეული იქნება, უპირველს ყოვლისა, კონსტიტუციაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ის უბედრუება (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით უბედურებები), რაც დღევანდელ საქართველოს სჭირს – გასული აგვისტოს ომით დაწყებული ქვეყნის მთავარი ქუჩის ზოოპარკად ქცევით დამთავრებული - სახელმწიფო ინსტიტუციების გაუმართავად მუშაობის ბრალია და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ეს სისტემა გაუმართავად იმუშავებს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მის სათავეში: ედუარდ შევარდნაძე, მიხელი სააკაშვილი თუ დავით აღმაშენებელი (რომლის როცა იქნება რეინკარნაციასაც ასე სულმოუთქმელად ელის ქართველი ერი).


ისევ თავისას იმეორებს, გაიფიქრებს სტატიის ზოგიერთი მკითხველი და მართალიც იქნება. უკვე ხშირად მითქვამს დისკუსიებისას, რომ შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ქართული პოლიტიკური სისტემის გამართვაა. საპირისპიროდ ბევრი სხვადასხვა არგუმენტი მომისენია. მრავალი მათგანი იმდენად დამაჯერებელია, რომ ხშირად მეც შემპარვია ეჭვი ჩემი მოსაზრების სისწორეში. მართლაც და, ერთი შეხედვით, რა დროს კონსტიტუციაზე, წერასა და კითხვაზეა ლაპარაკი, როდესაც მტერი საქართველოს დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრით არის დაშორებული? რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ როგორი ფორმულირება ექნება საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მეორე წინადადებას მაშინ, როცა კარს რიგით მესამე რევოლუცია მოგვდგომია და პრინციპში, როდის ჩამოგვენგრევა სახელმწიფო თავზე, არავინ იცის? განა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების უკეთესად გადანაწილება უშველის იმას, რომ ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი ყველანაირი მეთოდებით ცდილობს საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის არსებობას, ბოლო მოუღოს? რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, აღწერილი და ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციიდან გამოსავალი, სწორედ რომ, ინსტიტუციური ცვლილებებია.


გამართული, დემოკრატიული კონსტიტუციის შექმნა არც ისე რთულია, როგორც ეს ბევრს გონია ჩვენი საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით. გავიხსენოთ, მათი განცხადება, რომ ხელისუფლებამ ყველაზე გვიან დეკემბრისთვის უნდა წარმოადგინოს ცვლილებები კონსტიტუციაში შესატანად. ეს ფაქტი თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ საპარლამენტო ოპოზცია ან მართლაც ხელისუფლების თამაშს თამაშობს (რაშიც მას ძალიან ბევრნი დებენ ბრალს) და დრო გაყავს ან საერთოდ წარმოდგენა არა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებები როგორ უნდა განხორციელდეს. არადა ამაზე უამრავი ლიტერატურაა შექმნილი და დეტალების გასაგებად კარგ ბიბლიოთეკაზე შორს წასვლა არ არის საჭირო.


პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს მიმდინარეობა სახელად “ტრაზიციის კვლევა.” Aმეცნიერების ამ დარგს მიეკუთვნებიან მკვლებარები, ვინც იმით არიან დაინტერესებულნი თუ რა ხდება და რა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ავტორიტარული ანდა ტოტალიტარული რეჟიმი ემხობა და დემოკრატია იკიდებს ფეხს. მეცნიერები ტრანზიციის, ანუ არადემოკრატიული სისტემიდან დემოკრატიულზე გადასვლის პროცესს, სამ საფეხურად ყოფენ: პირველი, ცხადია, არადემოკრატიული რეჟიმის რღვევაა, ეს პროცესი რამდენიმე თვე ანდა შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. მეორე და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გახლავთ ინსტიტუციონალიზების ანუ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბების ფაზა. მესამე კონსოლიდაციისა ანუ ახლად შექმნილი ქვეყნის სტაბილიზაციისა. ტრანზიციის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მეორე ფაზა ყველაზე ხანმოკლეა და როგორც წესი რამდენიმე კვირა ანდა ყველაზე დიდი ორი სამი თვე გრძელდება. თუკი საქართველოში მინდინარე პროცესებს ამ მეცნიერული სისტემით გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ სამჯერ ცადა ინსტუტუციონალიზების ფაზის გავლა და სამჯერვე კატასტროფული კრახი განიცადა. პირველად, სახელმწიფო ტოტალიტარული ანუ საბჭოთა სისტემიდან სრულიად გაუგებარ წარმონაქმნად იქცა და ასე გააგრძელა არსებობა 1995 წლის 24 აგვისტომდე. ამ დღეს საქართველოში სათავე დაედო კიდევ ერთ ტრანზიციას და ჩვენ შედეგად დამახინჯებული ამერიკული კონსტიტუცია და ედუარდ შევარდნაძის ავტოკრატული მმართველობა მივიღეთ. შემდეგი ტრანზიცია საქართველომ 2004 წელს განიცადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხემძღვანელობით. შედეგი არის არა კონსოლიდირებული დემოკრატია არამედ კონსოლიდირებული ავტოკრატია. ამას, სავარაუდოდ, თავად მმართველი ელიტაც აღიარებს, თორემ ასეთი მასშტაბის კონსტიტუციურ რეფორმებს არ წამოიწყებდა.


ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია მართლაც აპირებს ინსტიტუციურ ცვლილებებს, ამას ექვსი თვე არ სჭირდება. გაჭირვების ჟამს, სწორედ ისეთ დროს, როგორშიც ახლა ჩვენი ქვეყანაა, მონდომებული პოლიტიკოსები ყველაფერს რამდენიმე კვირაში ანდა ორიოდე თვეში დაადგამდნენ თავს.


ნებისმიერი ქვეყნის გამართული კონსტიტუცია სულ ორ საკითხს განიხილავს: პირველი გახლავთ ის თუ რა არის სახელმწიფოში მცხოვრები ხალხისა და აქედან გამომდინარე ხელისუფლების მიზნები და ამოცანები და მეორე როგორ აპირებს ხალხი და აქედან გამომდინარე ხელისუფლება მათ მიღწევასა და განხორციელებას. გაგიკვირდებათ, მაგრამ თანამედროვე ქართულ კონსტიტუციაში ყველაფერი წერია ამის მეტი და თუ რამე ამ საკითხებისადმი მონათესავე შეგხვდებათ, ისიც ისეა ფორმულირებული, რომ სისტემის გამართულად მუშაობას გამორიცხავს.


არადა ყველაფერი გაცილებით მარტივად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: გამართული ქართული სახელმწიფოს ერთადერთ ფუნქციას მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ამ კეთილდრეობის ზრდა უნდა წარმოადგენდეს. დრო, როდესაც ქვეყნებს გმირი მეფეები მართავდნენ დიდი ხანია წარსულ ჩაბარდა. საქართველოს არა გმირი პრეზიდენტი სჭირდება (სხვათა შორის, ახლაც ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლებოდა შეშინებოდა პრეზიდენტს გასულ ზაფხულს გორში, განა ის ადამიანი არ არის?) არამედ ნიჭიერი მენეჯერი, რომელიც გამართულ სისტემას ჭკვიანურად გაუძღვება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ძირითადი კანონი ქვეყნის სათავეში არა ასეთ ნიჭიერ მმართველს არამედ ღვთისგან მოვლენილ მხსნელს ხედავს, რომელსაც შეუძლია მთავრობის ყველა წევრის დანიშვნა, პრემიერ მინისტრიეს ორ კვირაში ერთხელ შეცვლა, პარლამენტის ყოველთვიური დათხოვნა, კანონების წერა და ბრძანებულებების კანონად ქცევა, თბილისის მერის მაგივრად მერობა და სოფელ ორჭოსანის გამგებლის მაგივრად გამგებლობა, ცენტრალური ქუჩის დალაგება და ავტობუსის მართვა. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში ბევრი რამ გადაჭარბებულია მაგრამ გადაჭარბებულია იმიტომ, რომ მკითხველს ვაგრძნობინო, რაოდენ დარღვეულია კონსტიტუციის არსი ჩვენს ქვეყანაში.


ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია (საოპრეზიდენტო მმართველობისას) პრეზიდენტსა და მთავრობას უკრძალავს ან ძალიან უზღუდავს საკონაონმდებლო ინიცატივის უფლებას. ეს ნაბიჯი ლოგიკურიც არის: ძალიან დიდია ცდუნება, ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგოს ნებისმიერი კანონი და უფლებამოსილებას უსაზღვროდ გადააჭარბოს – ისე როგორც ეს დღევანდელ საქართველოში ხდება. საკანონმდებლო ორგანო ყველგან üპარლამენტია და არა იუსტიციის სამინსტრო. ასე უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაშიც. პრეზიდენტსა და მთავრობას კანონების აღსრულება უნდა ევალებოდეს და არა მათი წერა და შემდეგ აღსრულება. ხელისუფლებისგან და რაც მთავარია პროკურორისგან დამოუკიდებელი სასამართლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საფუძვლად აქაც უმარტივესი პრინციპი გვაქვს: ხელისუფლება თავს იკავებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგანაც იცის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს და მისი აღსრულება შეაჩეროს. პროკურორს უნდა ეშინოდეს მოსამართლისა და არა პირიქით.


ახლა ჯობია, კონსტიტუციის აბსტრაქტულად ცვლილებებზე ლაპარაკს თავი დავანებოთ და ის საკითხი განვიხილოთ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ანდა არ მომხდარიყო, ჩვენს ქვეყანას სტაბილური კონსტიტუციური სისტემა რომ ქონდეს.


რატომ იქნებოდა ომის (თუნდაც გასული წლის აგვისტოს ომის) ალბათობა გაცილებით მცირე:

პოლიტიკური მეცნიერებაში ცნობილი აქსიომაა: დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს არ ეომებიან. კი მაგრამ, შეიძლება ვიკითხოთ, ვთქვათ და საქართველოს მართლაც დემოკრატიული მმართველობის სისტემა ქონოდა, რუსეთი ხომ არ არის დემოკრატიული? იგი მაინც წამოიწყებდა ომს. ეს არგუმენტი მხოლოდ ერთი შეხედვით არის სწორი. თუ ერთი წამით მაინც დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უკვე 1991 წელს ქონოდა “ინსტიტუციონალიზებული” დემოკრატია, ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლება განვითარებულიყო: დემოკრატიული ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად ისეთივე ტემპით მოახარხებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინსვლას, როგორც ეს ბალტიის პირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა შეძლეს. საქართველო გაცილებით მეტად იქნებოდა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ჩართული და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, ნატოს ოფიციალური წევრობაც მიეღო იმ წლებში, როცა რუსეთს წესიერად კავკასიისთვის კი არა, საკუთარი ოლიგარქებისთვის ვერ მიეხედა. ამას გარდა, ნებისმირი ნორმალური ქვეყნის კონსტიტუცია უკვე დიდი ხნის მანძილზე მოაგვარებდა ანექსირებული მიწების საკითხს ლეგალურად. ძირითად კანონში განსაზღვრული იქნებოდა მათი ახლანდელი სტატუსი და მიწების დაბრუნების სამომავლო სტრატეგია. დამატებით, ჩრდილოელ მეზობელს ხელიდან გამოეცლებოდა მარადიული არგუმენტი, რომ ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბების გზით მოსული ელიტა მართავს, რადგანაც ნებისმიერი დემოკრატიული სიტემა არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს. და კიდევ, ძლიერი პარლამენტი უკეთ გააკონტროლებდა ძლიერი პრეზიდენტის მოქმედებებს. საქართველოს ხელისუფლება გაცილებით დიდხანს იფიქრებდა როგორი პასუხი გაეცა რუსულ-ოსური პროვოკაციისთვის პარლამენტის წინაშე პასუხისმგებლობის რომ შეშინებოდა.


რატომ არ იქნებოდა სახიფათო ხელისუფლების სათავეში თუნდაც პრორუსული ძალების მოსვლა

დღეს საქართველოში ძალიან ხშირად მოისმენთ არგუმენტს იმის შესახებ, რომ არჩევნების გაყალბება მიზანშეწონილია, თუკი ქვეყანაში არსებობს საფრთხე პრორუსული ძალების მოსვლისა. მართლაც, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ ქვეყნის, როგორც სუვერენული წარმონაქმნის დასასრული იქნებოდა. მაგრამ არა იმ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნას კარგად ჩამოყალიბებული ინტიტუციები რომ ქონოდა.


დავიწყოთ იმით, რომ უაღრესად საეჭვია, ევრო-ატლანტიკურ სტურქტურებში კარგად ინტეგრირებულ ქვეყანას პრორუსული ძალები დაუფლებოდნენ. მაგრამ ასეც რომ მომხდარიყო და, ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის რუსუეთის ფედერაციაში ინტეგრაცია განეზრახა, ამას ქართული პრალამენტი არ დაუშვებდა და პრეზიდენტს იმპიჩმნტის გზით თავიდან მოიცილებდა. და თუკი ქართული პრალამენტის გარკვეული ნაწილი იგივეს გაკეთებას მოინდომებდა, მაშინ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტბილება ან დამოუკიდებელი სასამართლო გააუქმებდა ან პრეზიდენტი ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშვნავდა.


რატომ არ იქნებოდა დღეს რუსთაველის გამზირი გალიებით გადაჭედილი

ამ კითხვაზე პასუხი ზემოთმოყვანილი მსჯელობის შემდეგ ძალიან მარტივია: ოპოზიცია ვეღარ დააყვედრებდა ხელისფულებას, რომ იგი არჩევნებს აყალბებს და ნებისმიერ დროს ექნებოდა შესაძლებლობა მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, როგორ უყვარს იგი ქართველ ხალხს და რამდენად უკეთ შეუძლია ქვეყნის მართვა.

 

რატომ არ იქნებოდა საქართველოში ისეთი სიდუხჭირე, როგორიც დღეს არის

გაეროს სტატისტიკის თანახმად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარისბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს ანუ ყოველ დღე ლუკმა-პურის მოსაპოვებლად იბრძვის. გამართული, დემოკრატიული კონსტიტუციის არესბობის შემთხვევაში ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა. გავიხსენოთ, ძირითადი კანონით ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა. ხელისუფლების პრიორიტეტები ასეთ დროს რადიკალურად შეიცვლებოდა: გამართული სოცილაური სისტემის შექმნა ნებისმიერი მთავრობის უმთავრესი ამოცანა იქნებოდა და საბიუიჯეტო შემოსავლებიც არა საბოლოო ჯამში რუსი ჯარისკაცის ხელში მოქცეული იარაღის შესყიდვაზე არამედ ქართველი ბავშვის გამოკვებასა და სათანადო აღზრდაზე დაიხარჯებოდა.


ჩემი სტატიების უმეტესობა საქართველოში ინსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობას უტრიალებს აგერ უკვე 2004 წლიდან მოყოლებული. შესაძლოა, ზოგიერთ მკითხველს თავიც მოვაბეზრე. თუმცა თავის მობეზრებაც ერთი ძველი რომაული პოლიტიკური ხერხია, რომელსაც ყველაზე წარმატებულად სახელგანთქმული რომაელი სენატორი კატონ უფროსი იყენებდა. მოგეხსენებათ, რა თემაზეც უნდა წარმოეთქვა მას სიტყვა რომის საკოანონმდებლო და არა მარტო საკანონმდებლო ორგანოში დასასრულისას ამატებდა: Ceterum censeo Carthaginem esse delendam” – “თუმცა ვფიქრობა, კართაგენი უნდა დაინგრეს”. თავისი დაჟინებით მან მოახერხა კართაგენის წინააღმდეგ მესამე პუნიკური ომის წამოწყება, რომელსაც შედეგად საძულველი კონკურენტის საბოლოო ანექსია მოყვა. ამ წერილის ავტორს ბევრი უკლია კატონობამდე ისევე, როგორც საქართველოს რომაულ იმპერიამდე. მაგრამ თუკი აქ დაწერილით კიდევ ერთი ძალიან მცირე ნაბიჯი მაინც გადაიგდა ქვეყნის განვითარებისკენ, მაშინ ეს გარჯა ყველაფრად ღირდა.

ამიტომაც: ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი სასწრაფო ინსტიტუციური ცვლილებებია.

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli