sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

The Stalemate: The Blind Alley of Georgian Politics as Only Solution and High Probability To Miss this Opportunity

 

Full Version only in Georgian language

ფათი – ანუ ჩიხი როგორც გამოსავალი და კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ის ხელიდან გავუშვათ

16.05.2009

ჩემეული კლასიფიკაციით თანამედროვე ქვეყნები ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ჯგუფში შევა ის სახელმწიფოები, რომელსაც გაუმართლა და იმიტომ არის აყვავებული. მეორე ჯგუფში ის ქვეყნები, რომელსაც არ გაუმართლა მაგრამ მაინც მიაღწა წარმატებას. მესამეში ისინი, რომელსაც არ გაუმართლა მაგრამ კიდევ აქვს შანსი წინსვლისა და მეოთხეში ისინი, რომელსაც არც გაუმართლა და დიდი ხანი გამოწორებისა არაფერი ეტყობა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველო არა მეოთხე არამედ (და ჯერ კიდევ) მესამე ჯგუფში ერთიანდება.


მკითხველი რომ ძალიან არ დავაბნიო, ჯობს ამ ჩემეული კლასიფიკაციის ასახსნელად რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. იმ ჯგუფის დასახასიათებლად, რომელსაც გამართლელბული ქვეყნები ეკუთვნის, ამერიკის შეერთებული შტატები კმარა. ორას წელზე სულ ცოტა მეტია გასული მას შემდეგ, რაც ამ სახელმწიფოს საფუძველი ჩაეყარა და მის სათავეში, ღვთის წყალობით, ისეთი ხალხი მოექცა, ვისაც ესმოდა, რომ პირადულზე მაღლა საყოველთაო ინტერესების დაყენება ქვეყნის წარმატებულად აშენების ერთადერთი გზა იყო. არა მგონია, დღეს ამერკის დამფუძნებელ მამებად წოდებულ პიროვნებებს ნახევრად კორუფციული, აქა-იქ ავტოკრატული, შიგადაშიგ მოძალადე, უმეტესწილად შინ ძლიერი და გარეთ მხდალი (მოკლედ, სწორედ ისეთი, როგორიც უკანასკნელი 20 წლის საქართველოა) ქვეყნის აშენება გაძნელებოდათ. მათ უბრალოდ ჭკუაც ეყოთ და გონებაც უფრო რთულ გზას დადგომოდნენ და იმთავითვე ძლიერი, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა დაეწყოთ. შედეგი მეც რომ არ ვთქვა, ისედაც ცხადია: ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების ისტორია, მცირედ, უმნიშვნელო შეფერხებებს თუ არ ჩავთვლით, სამაგალითო და სტუდენტებისთვის სავალდებულო სახელმძღვანელოებში შესატანია და არის კიდეც შეტანილი.


მეორე ჯგუფს, რომელიც პირველზე გაცილებით მოზრდილია, საუკეთესოდ დიდი ბრიტანეთი დაახასიათებს. ამ ისტორიული თვალსაზრისით უაღრესად წარმატებულ ქეყანას ბევრი ისეთი მმართველი ყავდა, რომელიც შეგნებითა და ინტელექთით ამერიკის დამფუძნებელ მამებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ინგლისის მეფეებს უფრო მეტად საკუთარი კეთილდღეობა ადარდებდათ, ვიდრე ქვეყნის განვითარება. მოგეხსენებათ, ამან ქვეყანა 1215 წელს კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. მეფეს მეტ ძალაუფლებას მოწურებული თავადები აუჯანყდნენ და შესაძლებლობა რომ ქონოდათ მოძულებულ მმართველს, როგორც ქართველები ვიტყვით, ცხრა მთას იქით გაისტუმრებდნენ. ძალიან საეჭვოა, აჯანყებულ თავდებს ინგლისელი გლეხის კეთილდღეობაზე ფიქრით გაეტარებინოთ თვალმოუხუჭავად ღამეები. უფრო მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი სიმდიდრე ადარდებდათ. საინტერესო ამ ამბავში ჩვენთვის ის არის, რომ არც ინგლისის მეფეს ყოფნიდა ძალა, ძველი ტრადიცია გაეგრძელებინა და ამ თავხედების თავები ჯალათისთვის მიენდო და არც თავადებს ყოფნიდათ გამბედაობა, მეფე ტახტიდან ჩამოეგდოთ. შეიქმნა კრიზისი, რომელსაც ჭადრაკში ფათს უწოდებენ და საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს. პარადოქსული ის არის, რომ სწორედ ამ კრიზისის შედეგია “თავისუფლების დიდი ქარტია” – პრინციპთა დეკლარაცია, რომელიც თავადებს უფლებებსა და თავისუფლებებს ანიჭებდა და რომელიც იქცა საფუძვლად თანამედროვე, დემოკრატიული ინგლისური სახელმწიფოსი და უფრო მეტიც, რომლის ძირითადი პოსტულატებიც ახლაც აქტუალურია ნებისმიერი განვითარებული ევროპული (და არა მარტო ევროპული) ქვეყნისთვის.


მესამე ქვეყნების რიცხვს, შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი სახელმწიფოც მიეკუთვნება. მას არ გაუმართლა და არ გაუმართლა უამრავჯერ. პირველი მაგალითი ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსისა თამარ მეფესა და მის თავადთა დაპირისპირებაში შეგვიძლია ვეძიოთ. ვინ იცის, როგორც წავიდოდა ქართლის ბედი, ამბოხოებულებს “კარვის” დადგმა რომ მოეხერხებინათ. საეჭვოა, იმ ქართველ მეომბოხეებს თამარზე მეტად ყვარებოდათ მშობლიური მიწა-წყალი, მაგრამ თავად ფაქტი ძალაუფლების გადანაწილებისა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ცნობილია, ეს აქტი არ შედგა და საქართველოს ბედ-იღბალი საუკუნეები კვლავ იმაზე იყო დამოკიდებული, ქვეყნისთვის მზრუნველი თუ საკუთარი თავის მოყვარული მეფე დაჯდებოდა ტახტზე.


მეოთხე ჯგუფში შემავალ ქვეყანათა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგანაც ევროპის მიღმა არსებულ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი (ბედნიერი გამონაკლისების გარდა), მას მიეკუთვნება. Uაფრიკისა და აზიის უამრავ სახელმწიფოში ყველა შესაძლო მაგალითს წააწყდებით იმისა თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ ქვეყნის სათავეში ყოფნისას. უფრო მეტად სამწუხარო, ვიდრე ამ ქვეყნებში შექმნილი სიტუაცია, არის ის, რომ სანამ იქ დაპირისპირებულ ძალათა შორის ისეთი ვითარება შეიქმნება, რომელისაც, გავიხსენოთ, ჭადრაში ფათი ჰქვია ასწლეულები თუ არა, ათწლეულები მაინც გავა.


საქართველოს არ გაუმართლა არა მარტო თამარის დროს, არამედ კიდევ სულ მცირე სამჯერ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ქართველი ხალხის ერთი მეტად საინტერესო თვისება არის ის, რომ შესანიშნავად ვგრძნობთ, ჩვენს თავს კარგი ამბავი არ არის, გვინდა სიტუაციის გამოსწორება, ამისთვის ოთხი ან ხუთწლიანი ტაქტით (აი ისე, როგორც ევროპის ქვეყნებში არჩევნებია) ვაწყობთ რევოლუციებს და ხელისუფლების სათავეში მოგვყავს ხალხი, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, რა გვინდა. საბოლოო ჯამში უაღრესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ტახტზე დასმული გმირი ვერ გაერკვა ჩვენს სურვილებში, რომლის არსიც, ცოდვა გამხელილი ჯობია, თავადაც არ გვესმის. კიდევ ცოტა ხანი თუ გავაგრძელეთ ასე, გასაკვირი არ იქნება, საერთაშორისო თანამეგობრობამ მსოფლიოს ისტორიაში პირველ რევოლუციურ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ გვაღიაროს, სადაც დამკვირვებლებს არა არჩევნების სწორად ჩატარების მონიტორინგისთვის აგზავნიან, არამედ იმის გასარკვევად თუ რამდენად კორექტულად მოხდა რიგითი, წინასწარ დაგეგმილი დემოკრატიული რევულუცია, რა გაისროლეს ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პირველი, ვარდი, პარლამენტის სპიკერის სკამს მოტეხილი ფეხი თუ თეთრი ყელსაბამი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახვდა თუ არა სახელმწიფოს ახალ მეთაურს ძველი მეთაურისგან ტრიბუნაზე ასვლისას მწვანე ანადა, რა ფერისაც გნებავთ, იმ ფერის ჩაი.


ყველაზე სავალალო უკანასკნელი ოცი წლის საქართველოში არა ეს არეულობებია, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა, მიუხედავად უთვალავი წარმატებული და წარუმატებელი რევულუციებისა ვერ მოახერხა ხელისუფლების სათავეში ისეთი ჯგუფის მოყვანა, რომელიც საკუთარ, კლანურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტრესებს დააყენებდა. შეგიძლიათ მე, ამ წრილის ავტორს, მიამიტი მიწოდოთ, მაგრამ ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს გნებავთ პირველმა, გნებავთ მეორე და გნებავთ მესამე პრეზიდენტმა ქვეყნისთვის რაიმე ცუდი მოინდომა. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც რომელიმე სახელმწიფოს სათავეში მოვიდეს მმართველი წინასწარი გაზრახვით, ბოლო მოიღოს თავისსავე სამშობლოს. უბრალოდ, მათ სამი ფატალური შეცდომა მოსდით. პირველი, დარწმუნებულნი არიან, ისინი რომ არა, ქვეყანა დაიღუპება. მეორე, კლანურ, ნათესაურ, მეგობრულ ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და ამით თავისსავე დაახლოებულ პირებს უწევენ დათვურ სამსახურს. მესამე, წამთ, რომ ქვეყანაში მხოლოდ მათ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება და თავზე ირგებენ ყველანაირ კანონს, რაც ძალიან ხშირად პირველი ნაბიჯია ავტოკრატიზმისკენ და ხანდახან კი დესპოტიზმისკენ. საბოლოო ჯამში კი ყოველივე ამას შედეგად ან დაჭაობებული პოლიტიკური სიტუაცია (აი, რა დასამალია და თურქმენეთის მსგავსი) ანდა მორიგი რევოლუცია მოყვება. საფრთხე იმისა, რომ დღევანდელ საქართველოში მოვლენები ან ერთი ან მეორე მიმართულებით განვითარდებოდა, ძალიან დიდი იყო. მაგრამ გასაოცრად, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ისტორიული განვითარებისა.


წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მაყურებელია უაღრესად სამწუხარო და ამავე დროს (ქართველები რომ არ ვიყოთ) მეტად საინტერესო სიტუაციისა. სიტუაციისა, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჭადრაკში ფათი ჰქვია. წინა წლებისგან განსხვავებით, ჩანს, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მეფე და მისი დაპირისპირებული თავადები მსუყე ლუკმის კიდევ ერთხელ ერთმანეთში გადასანაწილებლად იბრძვიან. მათ ლაპარაკსა და საქციელს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ერთს ახსოვს სამაჩაბლოელი ლტოლვილი და არც მეორეს აფხაზი დევნილი.


ქართველი ხალხის უაღრესად დაინტერესებული მაყურებლის როლში ყოფნამ შედეგად ის გამოიწვია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა. ოპოზიციამ, რომელიც, უმეტეს წილად, ხელისუფლებაზე მსუყე ლუკმის იმ ნაწილის, რომელიც მას უნდოდა, არ მიცემისთვის განაწყენებული ხალხისგან შედგება, ჩანს თავისი რესურსების მაქსიმუმი უკვე გამოიყენა. ხელისუფლებას რესურსი, შინაგან საქმეთა მითიური სპეიალური დანიშნულების რაზმის გარდა, ცოტაღა თუ დარჩა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავგზააბნეული ოპოზიციის არანაკლებ თავგზააბნეული ლიდერი ჟურნალისტიკაში ახალი ჟანრის, “ლივლიტების,” აღმოჩენით არის გართული, ხოლო პრეზიდენტი, ოღონდ როგორმე ერთი-ორი კაცის გული კიდევ მოიგოს, ჯერ არ აშენებული ქარხნის (სავარაუდოდ ჯერ არ არსებულ თანამშრომლებთან ერთად) სურათის წინ პოზირებს.


ქართველმა ხალხმა, სანამ დროა, უნდა გამოიყენოს შექმნილი ვითარება და სუაკუთარი ინტრესებით მაქსიმალურად დაცვით დაკავებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოთხოვოს საბოლოოდ იმ საქმის გაკეთება, რომლისთვისაც ისინი ქართული ბიუჯეტიდან (და სამწუხაროდ არა მხოლოდ ბიუჯეტიდან) ფულს იღებენ. კონსტიტუციის ცვლილება და მისი დემოკრატიულ სტანდარტებზე მორგება უნდა იყოს საფუძველი ახალი ქართული სახელმწიფოსი. ამის საუკეთესო წინაპირობა სწორედ ახლა, ამ ჩიხურ სიტუაციაში არსებობს. ხელისუფლების მცდელობა, კიდევ ერთხელ მოირგოს ქართული კონსტიტუცია საკუთარ ტანზე ანუ შეცვალოს დღევანდელი საპრეზიდენტო სისტემა ეგრეთ წოდებული “ევროპული საპარლამენტო მოდელით” მიუღებელია. ამით მმართველი ელიტა კიდევ ერთხელ აირჩევს თავს პარლამენტში.


საქართველოს პრეზიდენტის ყოლა კი არ უშლის ხელს, არამედ ის, რომ პრეშიდენტს განუსაზღვრელი უფლებები აქვს. საჭიროა სწორედ ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტსა და სამინისტროებს მინიმუმამდე დაუყვანს საკანონმდებლო ინიცატივის უფლებებს, მისცემს პარლამენტს ხელისუფლების ქმედებების მკაცრი ზედემხედველობის შესაძლებლობას და საქართველოს ყოველ მოქალაქეს შეუქმნის პირობას დაიცვას საკუთარი უფლებები დამოუკიდებელ, პროკურატურის ზედამხედველობისგან თავისუფალ სასამართლოში. ამას უნდა მოყვეს ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავს ყოველი ქართველის ერთ-ერთი უმთავრესი - არჩევის უფლების - ხელყოფას. მხოლოდ ამ რეფორმების გატარების შემდეგ შეიძლება ოცნება ძლიერ სახელმწიფოზე.


პარადოქსულია, მაგრამ დღეს შექმნილი ჩიხური სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაძლევს ისტორიულ შესაძლებლობას ავაშენოთ ქვეყანა, რომლითაც მომავალი თაობები იამაყებენ. ქართველმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანთა კეთილდღეობა არა ტახტზე მჯდომი მთავრის ავკარგიანობაზე, არამედ პოლიტიკური სისტემის გამართულ მუშაობაზეა დაყრდნობილი. საბოლოო ჯამში, ჩვენი, ქართველი ხალხის, გადასაწყვეტია, ვიქცევით თუ არა სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხავში შეტანილ იმ სახელმწიფოდ, რომელმაც ბოროტების იმპრეიებთან გამოვლილი უამრავი ბრძოლისა და ნანახი სიდუხჭირის მიუხედავად მოახერხა თავისი ოცნების განხორციელება და შექმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო თუ დარჩებით ვითომ დამოუკიდებელ წარმონაქმნად უამრავ იმ ქვეყანათა მსგავსად რომელთაც ხსენების ღირსადაც არ თვლიან.

 

შენიშვნის სახით: რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ თავისი ძმის პოპულარულ შოუში, “საკან ნომერ ხუთში” მთელს ქალაქსა და ქვეყანას აცნო, რომ ერთ-ერთ მიტინგზე ვრცელდებოდა გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული სტატიის ასლი, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და მასთან დაახლოებული პირების საიდუმლო საუბარი იყო ჩაწერილი. სტატიის ნახვისას, მან, თურმე, აღმოაჩინა, რომ წერილს თავზე (სიტყვა რუბრიკა ვერ გაიხსენა) ეწერა “ლივლიტი” და რომ ასეთი წერილების სერიოზულად მიღება მიზანშეწონილი არ არის. საოცრება ის გახლავთ, რომ მსოფლიო ჟურნალისტიკაში სიტყვა ლივლიტი არ მოიპოვება. სავარაუდოა, რომ ლაპარაკია სიტყვა “პამფლეტზე”. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ასეთი შეცდომა უნებლიედ არ მოუვიდოდა. მიზანშეწონილი იქნება მსგავსი დონის პამფლეტებს ამიერიდან ლივლიტები ეწოდოს.

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli