sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

Thirty Deaths of Isaiah Berlin

Full version only in Georgian language

ისაია ბერლინის ოცდაათი სიკვდილი

წაეკითხათ, ვერ გაეგოთ, თურმე იყვნენ ვიროსანნი,
ისევ უკან წამოვიღე ჩემი “ვეფხისტყაოსანი”

ნაწყვეტი ქართული-ხალხური ლექსიდან.

 

2009 წლის დასაწყისში მძიმე, ერთწლიანი ავადმყოფობის შემდეგ ქალაქსა და ქვეყანას ეუწყა ამბავი ნეოლიბერალიზმის გარდაცვალებისა. ბოლო მუჭი მიწა მას მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემამ, “ეკონომისტმა,” მიაყარა რამდენიმე თვის წინ, როდესაც თავის წინაყდაზე გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელზეც გამოსახული საფლავის ქვებიდან ეკონომიკური ნაციონალიზმი (უკვე კარგახნის წინ გარდაცვლილად მიჩნეული) ყოფდა ხელს. მოგეხსენებათ, იქ, სადაც ეკონომიკური ნაციოლაიზმი სუნთქვას, ნეოლიბერალიზმის სიცოცხლე წარმოუდგენელია. ნეოლიბერალიზმს საბოლოოდ წერტილი ჯერ კიდევ არ ჩავლილმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დაუსვა, თორემ იგი კარგა ხანია უარყოფლი ქონდა დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას და მხოლოდ (ძირითადად ევროპული) ქვეყნების მმართველი ელიტის საყვარელ გასართობათ ითვლებოდა. სამწუხარო ამ ამბავში არა თავად ფაქტია გარდაცვალებისა, არამედ ის, რომ მას თან კლასიკური ლიბერალიზმის აღსასრულიც მოყვა.


პარადოქსული ამ ყველაფერში ის არის, რომ 90 წლების დასასრულიდან მოდაში შემოსული ნეოლიბერალიზმი, რომლის უპირობო მხარდამჭერებიც ინგლისში პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ამერიკაში პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყვნენ, არც არასდროს დაბადებულა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი არასდროს ჩამოყალიბებულა სრულყოფილ, დამოუკიდებელ თეორიად და ლიბერალიზმს რომ თავი დავანებოთ, მაში “ნეო” უაღრესად მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა.


ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ნეოლიბერალიზმი ცდილობს კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპების ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ეკონომიკაზე გადატანას. ბევრმა პოლიტკოსმა და არა მარტო პოლიტიკოსმა ამ თეორიის პრინციპები ასე გაიგო: რაც უფრო ნაკლებად რეგულირებულია ეკნოომიკური სექტორი, მით უფრო უკეთ იმუშავებს იგი. უფრო მეტიც, რაც უფრო ნაკლებია სახელმწიფოს წილი საშინაო ეკონომიკაში, მით უფრო უკეთეს შედეგებს მივიღებთ. მართლაც და, რას ვერჩით პოლიტიკოსებს, როდესაც მთელი თანამედროვე ეკონომიკისა თუ პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები მსგავს პრინციპს ეყრდნობა. მას ხომ ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში ჩაუყარა საფუძველი ადამ სმიტმა თავისი ფილოსოფიური ნაშრომებით. ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება თანამედროვე ევროპაში ვინმე, ვისაც ადამ სმიტის “უხილავი ხელის” თეორია ერთხელ მაინც არ გაეგოს. მის თანახმად ხომ ეკონომიკური აღებ-მიცემობის მთავარი პრინციპი თავისუფალი და სახელმწიფოსგან რაც შეიძლება ნაკლებ რეგულირებული ბაზარია, რომელზეც ფასი პროდუქტის მიწოდებისა და მოთხოვნის შესამაბმისად რეგულირდება და სადაც ყველაფერს “უხილავი ხელი” თავისთავად, ზედმეტი ჩარევის გარეშე არეგულირებს. მსგავსი თავისუფალი ბაზარი იყო მეთვრამეტე საუკუნის შოტლანდიელი მეცნიერის იდეალი და ეს იდეალი არც 21 საუკუნის მკველარებისთვის შეცვლილა საგრძნობლად.


ზემოთ დაწერილი ადამ სმიტის თეორიის ყველაზე გავრცელებული, ერთი შეხედვით სწორი და უფრო უკეთ დაკვირვებით უაღრესად მცდარი ინტერპრეტაციაა. იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც ფილოსოფოსის ეს ვერსია მოყავთ ნეოლიბერალიზმის (რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით) დასაცავად, ან მხოლოდ ყურმოკვრით იციან რაზეა ლაპარაკი ან, უფრო უარესი, წაუკითხავთ და ვერ გაუგიათ რისი თქმა უნდოდა მკვლევარს. თავი და თავი პრობლემისა იმაშია, რომ სმიტის არგუმენტი (თავის თავად სწორი) კონტექსტიდან არის ამოგდებული და უაღრესად მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ადამ სმიტი გენილური ლიბერალური მოაზროვნე იყო და არა ანარქისტი. მას არასდროს და თავის არც ერთ ნაშრომში დაუყენებია ეჭვქვეშ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის რეგულირებაში. ლიბრალური ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური თეორიების განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ ფორმულირებაზე, როგორიც არის “რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა” და განვასხვავოთ იგი “აბსოლუტური ჩაურევლობისგან” და “რაც შეიძლება ნაკლები რეგულირება” “სრული დაურეგულირებლობისგან.”


მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფოსის ნაწერები სწორად რომ გავიაზროთ, ამისთვის მისი არა მხოლოდ ერთი (თუნდაც ყველაზე ცნობილი) არამედ ყველა კვლევა უნდა გავითვალისწინოთ. ადამ სმიტს არა მარტო თავისუფალი ბაზრის აუცილებლობაზე აქვს დაწერილი ტრაქტატები არამედ სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლზეც ეკონომიკის რეგულირებაში. გენიალურ ფილოსოფოსებს ნაკლებად გენიალურებისგან ის განასხვავებს, რომ მათი ყველა ნაწარმოები (მსგავსად ნაკლება გენიალურებისა) ზუსტად არის მორგებული იმდროინდელ ყოფას მაგრამ, ამავე დროს (და ნაკლებად გენიალურებისგან განსხვავებით) ყველა დროში ინარჩუნებს უნივერსალურობას. ამასთანავე ყველა დროის კარგი მკითხველი იმით არის განსხვავებული ნაკლებად კარგი მკითხველისგან, რომ ნაწარმოების განხილვისას ითვალისწინებს არა მარტო მის უნივერსალურობას არამედ კონტექტსტსაც, რომელშიც იგი დაიწერა. ადამ სმიტი ცხოვრობდა ეპოქაში, როდესაც ლიბერალური, დემოკრატიული აზრი ჯერ კიდევ მკაცრად იდევნებოდა და როდესაც თავისუფალ ბაზარზე ოცნებაც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა რომელიმე თავზეხელაღებული მეფის ან თავადის ვასალს. ამიტომაც ამახვილებდა სმიტი ყურადღებას “თავისუფალ ბაზარსა” და არა “სახელმწიფოს როლზე ბაზრის რეგულირებაში.” გავიდა დრო და შოტლანდიელ ფილოსოფოსზე არანაკლებ გენიალურმა მოაზროვნეებმა სახელმწიფოსა, მის როლზე ეკონომიკსა და სოციალურ ცხოვრებაზე გადაიტანეს ყურადღება, რადგანაც ახლა მეფეებისა და თავადების დრო წარსულს ჩაბარდა და არც სახელმწიფოს წახნაგებისგან მეტ-ნაკლებად გათავისუფლებული საბაზრო ეკონომიკა იყო საოცნებო რამ.


რაოდენ საოცრადაც უნდა მოეჩვენოს ადამიანს, ნეოლიბერალიზმი უყაღრესად გავრცელებული იყო არა მარტო ევროპისა და ამერკის განვითარებულ სახელმწიფოებშიც, არამედ საქართველოშიც. დიახ, სწორედ ჩვენი ქვეყანაა ერთ-ერთი მაგალითი ნეოლიბერალიზმის წესების პრაქტიკული განხორციელებისა. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძველი ჩვენს ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩაეყარა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. მას შემდეგ საქართველომ იმდენი მთავრობა გამოიცვალა, რომ კაცს სათვალავი აერევა, მაგრამ ნეოლიბერალური პოლიტკა უცვლელი რჩებოდა. საქართველო, ალბათ, ერთადერთი, ქვეყანაა, სადაც ეს მოძღვრება უაღრესად შეკვეცილი სახით, მაგრამ მაინც პრაქტიკულად ხორციელდება და ხორციელდება მთელი თანამდევი ნიშან თვისებებით. ასეთებად შეიძლება ჩაითვალოს სახელწიფო მოხელეთა რაოდენობის დრამატული შემცირება, სახელმწიფოს ხელთ არსებული ფირმების, კომპანიების, დაწესებულებების რაც შეიძლება სწრაფი (ქართლში ამაზე იტყვიან უკანმოუხედავიო) გასხვისება, საიმპორტო გადასახეადების უაღრესად დაბალ დონოეზე დაყვანა (თუ არა მისი საერთოდ გაუქმება), კერძო სექტორისთვის დახმარების მინიმუმზე დაყვანა, სოციალური სისტემის პრაქტიკული არარსებობა.


ეს ყველაფერი კარგიაო, იტყვის ქართველი მკითხველი, აბა როდემდე შეიძლება ათი ათასობით პრინციპში დაუსაქმებელი ადამიანის სახელწიფოს ხარჯზე ყოფნა, იმ გლეხისა თუ პროდუქციის მხარდაჭერა, რომელიც კონკურენტუუნაროა და ასე შემდეგ... იტყვის, და პრინციპში მართალიც იქნება.


წამოჭრილი საკითხები რომ განვიხილოთ ყველაფერი თავიდან ანუ საფუძვლებიდან უნდა დავიწყოთ: ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს მაგრამ კლასიკურ ლიბერალისმს და, ცოდვა გამხელილი ჯობია, ნეოლიბერალიზმს პოლიტიკა მიკრო და არა მაკროდონეზე აინტერესებს. ნებისმიერი ლიბერალისთვის თავი და თავი ყველაფრისა არის ასეთი საკითხი: რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მასში მცხოვრები ყოველა პიროვნება უზრუნველყოფილი იყოს სულ მცირე დამაკმაყოფილებელი ცხოვრების პირობებით. უნდა ვაღიაროთ, რომ რეალური პოლიტიკის თეორეტიკოსთა გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური მეცნიერი მსგავსი საკითხით არის დაკავებული. პასუხი დასმულ კითხვაზე უამრავია და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. სამაგალითოდ, მარქსი (რომელიც საქართველოში გარცელებული ცრურწმენის საწინააღმდეგოდ მაინც ყველა დროის უდიდეს ფილოსოფოსთა რიცხვს მიეკუთვნება) მიიჩნევდა, რომ ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ბოლოს მოუღებს კლასობრივ ჩაგვრას. ანუ თუკი კარგად გრძნობს თავს სოციუმი, მაშინ კარგად იგრძნობს თავს პიროვნებაც. 75 წლიანმა დიდმა კომუნისტურმა ექსპერიმენტმა, რომლის მონაწილეც სამწუხაროდ და ძალადობრივად ჩვენი ქვეყანაც იყო, დაამტკიცა, რომ ძლიერი სახელმწიფო სრულაც არ ინშნავს ძლიერ მოქალაქეს. ჩვენში დარჩეს და, რა დიდი განსხვავებაა, კაპიტალისტურ სისტემაში კლასით მაღლა მდგომი დაჩაგრავს ადამიანს თუ სახელისუფლებო აპარატი უკრავს მას თავს ციმბირისკენ?


ლიბერალიზმი (კომუნიზმისგან განსხვავებით) მიიჩნევს, რომ თუკი ჩვენ ყველა ადამიანს სათითაოდ და ცალ-ცალკე შევუქმნით პირობებს წარმატებული განვითარებისა, მაშინ სახელმწიფოც აყვავდება. ამიტომაც არის, რომ ჯონ ლოკიდან მოყოლებული ყველა დროის უდიდესი პოლიტიკური ფილოსოფოსის ჯონ როულსით დამთავრებული (მაპატიეთ ჩემი მცირედი მიკერძოებულება) განიხილავენ საკითხს თუ როგორ უნდა შეიქმნას სახელწიფოში ოპტიმალური პირობები ყოველი ადამიანის განვითარებისთვის.


სახელწიფო არსებობს ადამიანის კეთილდრეობისთვის და არა ადამიანი სახელწიფოს კეთილდრეობისთვის. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი კლასიკური ლიბერალიზმისა და ეს არის, ალბათ, ყველაზე რთულად გასაგები თანამედროვე ქართველისთვის. ჩვენში ისტორიულმა კატაკლიზმებმა სრულიად შეცვალა ცნება სახელმწიფოსი. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ქართველისთვის ცნება სახელმწიფო ჩაანაცვლა ცნება სამშობლომ, რომლისთვისაც ცხოვრობ, აცხოვრებ შენს შვილს, რომლისთვისაც კვდები და მზად ხარ შესწირო სიცოცხლე შენი საკუთარი შვლისა. ჩვეული პასუხი კითხვაზე “რატომ?” უაღრესად მარტივია: იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა. სწორი პასუხი ამ კითხვაზე გაცილებით რთული და კომპლექსურია.


სამაგალითოდ, ავიღოთ ბრეჟნევის დროინდელი რუსეთი (იგივე საბჭოთა კავშირი). ისმის კითხვა: ღირდა იმდროინდელი რუსი მოქალაქისთვის თავგანწირვა საბჭოთა იპერიისთვის? უამრავი რუსი, დარწმუნებული ვარ ამაში, გიპასუხებდათ, რომ ღირდა, რადგანაც ეს სამშობლოა. ლიბერალიზმისთვის ასეთი პასუხი აბსურდული და ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს გეტყვით სახელმწიფო აპარატის პროპაგანდის მსხვერპლია. სახელწიფოსთვის სიკვდილი ღირს მხოლოდ მაშინ თუკი შენი თავგანწირვით მის იდეალებს იცავ – იდეალებს, რომელთა დარღვევაც შენივე საზიანო იქნება. გამოდის, ლიბერალიზმის პრინციპების თანახმად, სიკვდილი საბჭოთა კავშირისთვის მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი თუკი იგი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ყველაფერი ამის თანახმად ქართველების თავგანწირვა მრავალი საუკუნე ღირდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამშობლოსთვის ხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მოვიდოდა დრო და შეიქმნებოდა ახალი ქართული სახელმწიფო, რომელიც პიროვნების კეთილდღეობას სახელმწიფოს ერთადერთ უმთავრეს ამოცანად აქცევდა. ამ მიზნისთვის ქართულ სახელმწიფოს ჯერ არ მიუღწევია და, ალბათ, კიდევ ბევრი დრო გავა, ვიდრე მიაღწევს მაგრამ ერთი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: აგერ უკვე ოცი წელია შეიქმნა ახალი საქართველო – მართალია დაპატარავებული, მიწა-წყალ წართმეული, შიგა თუ გარე მტრისგან შეწუხებული, მაგრამ მაინც ქართული.


ლიბერალიზმს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოწყობის საუკეთესო გზა მისი მოქალაქეებისთვის რაც შეიძლება მეტი პიროვნული თავისუფლების მიცემაა. სახელისუფლებო აპარატი ერევა პიროვნებათა შორის ურთიერთობაში მხოლოდ მაშინ, როცა ამის უკიდურესი აუცილებოლობა დგება. ლიბერალიზმს მიწერილი სლოგანი “რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო” მართლაც ამ თეორიის არსს გამოხატავს. ამისთვის ორი მთავარი მიზეზი არსებობს: პირველი, რაც უფრო დიდია სახელმწიფო აპარატის გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებზე, მით უფრო დიდია ცდუნება ამ აპარატში მომუშავე მოხელეთათვის, ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება. ნაკლები სახელწიფო ნიშნავს შემცირებულ შესაძლებლობას ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენებისა. მეორე, ლიბერალიზმს მიაჩნია, რომ ადამიანის, როგორც სულიერი ისე ხორციელი განვითარებისთვის, მაქსიმალურად შეუზღუდავი თავისუფლებაა საჭირო. ამ მიზნის მისაღწევადაც რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო გვჭირდება.


ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, ლიბერალი ისაია ბერლინი ადამიანის თავისუფლების ორ სახეს განასხვავებს: პოზიტიურს და ნეგატიურს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნეგატიური თავისუფლება, მიკთხველის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, არავითარ შემთხვევაში უნდა გავიგოთ ნეგატიურად. რადგანაც თავისუფლების ბერლინისებული ფორმულირება ძალიან კარგად ხსნის ამ ცნების არსს, როგორც ის ლიბერალებს ესმით, ცოტა ხანი ამ საკითხზე უნდა შევჩერდეთ. ბერლინისთვის, და აქედან გამომდინარე თითქმის ყველა ლიბერალისთვის, ნეგატიური თავისუფლება არის ადამიანის თავისუფლება გარეშე ძალებისგან. ანუ პიროვნებას უნდა ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილებები გარეშე ძალების (ვთქვათ კომპარტიის პოლიტბიუროს) ზემოქმედების გარეშე. პოზიტიური თავისუფლება კი არის ადამიანის შინაგანი თავისუფლება საჭირო პიროვნული თვითდამკვიდრებისთვის. საკითხი ძალიან რომ არ გავართულოთ, ამ განსხვავებებს მეტად ნუღარ ჩავუღრმავდებით – უბრალოდ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ პიროვნების განვითარება, და რაც მთავარია პიროვნების უფლება განვითარდეს, არის უმთავრესი და პრინციპში ერთადერთი გზა წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისა. მაგრამ ეს ყველაფერი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ლიბერალიზმი სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგ გამოდის. ლიბერალური ფილოსოფოსები ხვდებიან რაოდენ დიდია ცდუნება ძალაუფლების გადაჭარბებულად გამოყენებისა და ამიტომაც უფრთხიან “ტოტალურ” მმართველობას. ლიბერალური პრინციპები მხოლოდ მაშინ მუშაობს წარმატებულად, როდესაც მასში ჩამოყალიბებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად არის გადანაწილებული ყოველ მოქალაქეზე და როდესაც არავის აქვს ნება ეს პრინციპები დაარღვიოს. ალეგორიულად რომ ვთქვათ, ლიბერალური წესები შეიძლება შევადაროთ რომელიმე სპორტის სახეობას, სადაც მოთამაშეები აყალიბებენ წესებს (ჩვენს შემთხვევაში მოთამაშეები მოქალაქეები არიან) და მსაჯი არის ზედამხედველი ამ წესების დაცვისა (მსაჯი აქ ხელისუფლებას ნიშნავს). გამოდის, ლიბერალური სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციობისთვის ხელისუფლებას უდიდესი როლი ეკისრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელწიფოს როლი არის მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პრინციპები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია.


შეუძლებელია პიროვნება იყოს თავისუფალი, ვთქვათ, ეკონომიკური და შეზღუდული პოლიტიკური თვალსაზრისით – ეს ბერლინის პოზიტიური თავისუფლების პრინციპს არღვევს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სახელწიფო ან მთლიანად უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფლებას ან ვერ უზრუნველყოფს მას. უაღრესად საინტერესო და ამავდროულად პარადოქსული არის ის, რომ ლიბერალიზმი თავის საფუძველში, პიროვნების დონეზე, უაღრესად უნივერსალურია მაგრამ ამავდროულად არ აქვს პრეტენზია აბსოლუტურ უნივერსალიზმზე. ანუ კლასიკური ლიბერალური თეორიის მიმდევარი ვერასდროს გეტყვით, რომ ის რაც კარგია, სამაგალითოდ, ინგლისელისთვის, კარგი და ზედგამოჭრილია ჩინელისთვისაც. პირიქით, ინგლისელისთვის სასარგებლომ შეიძლება ჩინელს ავნოს. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელებიც ყველა ადამიანისთვის უნივერსალურია მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა თუ რასისა. ეს პრინციპებია ზემოთაღნიშნული ბერლინისეული თავისუფლების პოსტულატები, უფლება აირჩიოს და იყოს არჩეული ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე, სხვა ძირითადი ადამიანთა საყოველთაო უფლებები და თავისუფლებები მაგრამ ამით თეორიის უნივერსალიზმი მთავრდება. შიგა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ თამაშის წესებს თავად ქვეყნის მოქალაქეები ადგენენ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

მართალია, შორი გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ ამით მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენს მთავარ თემას: ნეოლიბერალიზმის გარდაცავალებას ევროპასა და ამერიკაში და მის სულის ღაფვას საქართველოში. როგორც უკვე ვთქვით, მის გარდაცვალებაში, არც გასაკვირი და არც სამწუხაროა რამე. იგი ხომ თავიდანვე უაღრესად დეფექტური და აქედან გამომდინარე სწრაფი სიკვდილისთვის განწირული დაიბადა. ნეოლიბრალიზმი უპირველეს ყოვლისა არღვევს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს კლასიკური ლიბერალური თეორიისა: იგი ცდილობს თვით ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც კი გამოიყენოს პრინციპი აბსოლუტურად თავისუფალი, უკონტროლო ბაზრისა, როგორც ლიბერალური წარმატების მოდელი. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ამ მოდელმა რომ იმუშაოს, მისი გამოყენება არა ერთ სეგმენტზე არამედ მთელ სოციალურ სტრუქტურაზეა საჭირო. ამასთანავე მოდელში უაღრესად მოშლილია სახელმწიფო კონტროლის მექნიზმი. ყველაფერი კერძო და არაკონტროლირებადი ჯობია ყველაფერს რაც ეკუთვნის სახელწიფოს და ექვემდებარება კონტროლს. ეს არის კლასიკური ლიბერალიზმის მცდარი ინტერპრეტაცია. რა ზომის კონტროლი, სად და როგორ არის საჭირო, ეს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად უნდა გადაწყდეს.


რადგანაც შევთანხმდით, რომ ლიბერალიზმის პრინციპების უნივერსალიზაცია და სტანდარტიზაცია გნებავთ პოიტიკური გნებავთ ეკონომიკური თვალსაზრისით შეუძლებელია, მაშინ გამოდის, რომ შეუძლებელია მათი სრულყოფილი გამოყენებაც საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისო დონეზე. ერთმა ქვეყანამ შეიძლება დაინახოს სრულიად ლეგიტიმური საჭიროება დაეხმაროს მეთევზეებს სუბსიდიებით, მეორემ კი თავზე აიღოს ვალდებულება ფერმერთა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისა – ლიბერალური თვალსაზრისით ასეთი პოლიტიკა სულაც არ იქნება მცდარი. მაგრამ ამით საერთაშორისო ასპარეზზე დაირღვევა უმთავრესი პრინციპი, სადაც ყოველ მოთამაშეს როგორც თანაბარი უფლებები ასევე თანაბარი მოვალეობები აქვს. ამ შემთხვევაში მეთევზეთა თუ ფერმერთა სუბსიდირება ლიბერალიზმის აბსოლუტური თანასწორობის პრინციპს არღვევს.


ნოელიბერალიზმის აღსასრულის უმთავრესი მიზეზები ევროკავშირის წევრ ოცდაშვიდ სახელწიფოსა, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ კლასიკური ლიბერალიზმის ცნებათა უხეში დარღვევა იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სამაგალითო ეკონომიკურ რეფორმათა ქვეყანაში, საქართველოში, მისი გარდაცვალება დროის საკითხია და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს სრულიადაც არ იქნება ცუდი. სლოგანი, ყველაფერი კერძო ჯობია ყველაფერ სახელმწიფოს არ შეიძლება ეკონომიკური რეფორმების თვითმიზნად იქცეს. ნებისმიერი რეფორმის გატარებისას უნდა დაისვას კითხვა: რამდენად შეუწყობს ეს რეფორმა ხელს ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის მატებას? შეექმნებათ თუ არა სახელწიფო სამსახურიდან კერძო სექტორიში გადასულ თანამშრომლებს უკეთესი ცხოვრების პირობები და მიეცემათ თუ არა პირადი განვითარებისისთვის უფრო კარგი შესაძლებლობა? და თუ რეფორმამ გამოიღო დროებითი, სამწუხარო შედეგი სამუშაო ადგილების დაკარგვის სახით, არსებობს თუ არა საჭირო სოციალური სისტემა, რომელიც მოხელეებს უმუშევრობით გამოწვეულ პრობლემებს მეტ-ნაკლებად შეუმსუბუქებს?


უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ სახელმწიფო ქონების კერძო სექტორში გადატანისას ყურადღება არა მარტო ამ პროცესით ბიუჯეტში შესულ თანხას უნდა მიექცეს არამედ იმას, რამდენად თანაბრად ნაწილდება ეს ქონება მოსახლეობის ხელში. ქონების უთანასწოროდ გადანაწილებას არა წარმატებულ ლიბერალიზაციამდე არამედ კიდევ ერთ სოციალურ უკმაყოფილებამდე და დესტაბილიზაციამდე მივყავართ. როდესაც რაიმე რეფორმა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კეთილდღეობის შემცირებას და არა ზრდას იწვევს, მაშინ რაღაც წარმოუდგენლად მცდარად კეთდება.


რეფორმების გატარება აუცილებელია – გაცილებით აუცილებელია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ზოგიერთი უაღრესად მტკივნეულად ჩაივლის ანდა უკვე ჩაიარა. სამწუხარო ის არის, რომ უმეტეს წილად ნეოლიბერალიზმის ფარდას ამოფარებული რეფორმების სახით ქონება სახელმწიფოსგან ერთეულთა ხელში გადავიდა და ამით არც ხალხს და არც ქვეყანას ბევრი არაფერი წაადგა.


როგორგც უკვე ვთქვით, ნეოლიბერალიზმის გარდაცვალებიდან ერთადერთი უაღრესად სამწუხარო ამაბვი ის არის, რომ ხაალხმა მას ლიბერალიზმის კლასიკური პრინციპებიც თან მიაყოლა. ეს ორი, როგორც ვნახეთ, უაღრესად განსხვავებული ცნება, სინონიმებად აღიქმება. სამწუხაროა, ისეთი შესანიშნავი ფილოსოფოსების ნააზრევი, როგორიც ისია ბერლინია, თან მიაყოლო თეორიას, რომელიც პრინციპში არასოდეს შემდგარა. სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ 2009 წელს ისაია ბერლინის ანდერძი სხვა თანამოაზრეების ნააზრევთან ერთად სულ მცირე ოცდაათჯერ გამოცხადდა ოფიციალურად გარდაცვლილად.


თუმცა საუკუნეების მანძილზე კლასიკური ლიბერალიზმი უკვე არაერთხელ მიუწერიათ მკვდრების რიცხვს. ფაქტია, ამ ანონსის შემდეგ ლიბერალიზმის პრინციპების სისწორე უფრო მეტად გამხდარა თვალნათელი – სწორედ ამ პრინციპების დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოს ქვეყნები, მიუხედავად გლობალური კრიზისისა და ენითაღუწერელი აფრიკული სიდუხჭირისა, არასდროს ყოფილა ისე წარმატებული გნებავთ დემოკრატიული, გნებავთ ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც დღეს, ჩვენს ეპოქაში.


კლასიკური ლიბერალიზმის ცნებათა ახლად გააზრება და მათი ქვეყნის მშენებლობისთვის წარმატებული გამოყენება მხოლოდ დროის საკითხია. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უკვე უამრავი დრო დაკარგა –დრო რომელიც საქართველოს ყველაზე შეზღუდული რესურსია. რაც უფრო ადრე დაუბრუნდება იგი კლასიკური ლიბერალიზმის გზას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, მით უფრო ადრე მაოხერხებს არსებული პრობლემების გადალახვას და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას.

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli