sulkhanmetreveli


Skip to content, navigation.


  • Home
    Main page
  • Research
    Framing
  • Articles
    Journalism
  • Biography
    Life
  • Links
    Related to my life
  • Contact
    Write me

Column Written Becasue of Mr. Nodar Ladaria's Article, where Every Statement Is Correct but Still, Many Things Are False

Full Version only in Georgian language

სვეტი ბატონ ნოდარ ლადარიას წერილის გამო, რომელიშიც ყველაფერი სწორად წერია და მაიც ბევრი რამ არ არის სწორი

28.04.2009

გარდა იმისა, რომ ბატონი ნოდარის ადგილას რუსულ სიტყვა “კუსტარულს” ქართული “ხელოვნურით” ჩავანაცვლებდი და წინადადება “მახინჯად წანაცვლებულ ორიენტირებს” სულ მცირე რუსულ თარგმანს მოვაყოლებდი, ქართველ მკითხველს რომ დაახლოებით მაინც გაეგო, რა იგულისხმება ამ წინადადებაში, სხვა შესასწორებელს მის სტატია “საკნებიდან სენაკებში” ვერაფერს ვხედავ – სტილისტურად მაინც. თუმცა მე ბატონი ნოდარი არ გახლავართ და ამ ხარვეზების შესწორება ჩემი საქმე არ არის. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი “საკნებიდან სენაკებში” სატიის ავტორმა მოინდომა, ჩემს ნაწერშიც ბევრ ჩასასწორებელ სიტყვასა თუ წინადადებას ნახავს. ამიტომ ჯობია საქმეზე გადავიდე და თავიდან დავიწყო.

მეცნიერებს მოდელების შექმნისას ძალიან უყვართ ხოლმე კომპლექსური მოვლენების ან წარმონაქმენბის უაღრესად გამარტივება. პრინციპში, მოდელი ხომ იმიტომ არის მოდელი, რომ მარტივი იყოს, თორემ თუ ორიგინალის ზუსტი ასლი გამოვიდა მაშინ მის შექმნას რაღა აზრი აქვს? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ: მოდელი მეცნიერებაში იმისთვის იქმნება, რომ დაინტერესებულ მკითხველს რაიმე კომპლექსური მოვლენის აღქმა გაუადვილოს. საქმის განსაკუთრებით გამარტივება მეცნირებს შორის ეკონომისტებს უყვართ. უხვად მახსენდება პროსემინარებიდან მოყვანილი მაგალითები ამგავრი ტექსტით: “წარმოიდგინეთ, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრობს ერთი ფერმერი და ერთი გლეხი და რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ორ პროდუქტს აწარმოებს: ხორცსა და ხორბალს”.... ჰო, ასეთი ქვეყნის წარმოდგენა დასაწყისისთვის ცოტა რთულია, მაგრამ საქმის არსს რომ ჩავწვდეთ, ამისთვის უაღრესად სასარგებლო. გადაჭარბებული იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ყველაზე კომპლექსურია, რაც კი დედამიწაზე შეგვიძლია შეგვხვდეს. აი, მაგალითად, გერმანია საქართველოზე გაცილებით წყნარი, ფინანსურად, სოციალურად და პოლიტიკურად დალაგებული ქვეყანაა, მაგრამ იქ მიმდინარე პროცესები ასახსნელად ქართულზე მარტივი არ არის. ქართულს, უბრალოდ, ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხავებით და ბევრი აფრიკული ქვეყნის მსგავსად დრამატიზმი ემატება. უაღრესად დრამატულია სიტუაცია, როდესაც ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშრებით რუსული (ჯართიანი მაგრამ მაინც) ტანკების ამალა დგას და მხოლოდ იმის მოლოდინშია თუ როდის მისცემს თავგზააბნეული ქართული ოპოზიცია ანდა მოთმინებადალეული ხელისუფლება საბაბს ეს 30 კილომეტრი რამდენიმე საათში დაფაროს. გერმანიამ ასეთი დრამატიზმი დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოიტოვა უკან ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად. როდესაც რაიმე მოვლენის კომპლექსურობას ზედ დრამატიზმი ემატება, იქ დაინტერესებული ადამიანისთვის თავგზის არევა უაღრესად მარტივია. ქართული საზოგადოება რომ დაინტერესებული და ამავდროულად თავგზააბნეულია ამას რუსთაველის პროსპექტზე უთავბოლოდ მიყრილ-მოყრილი საკნები და მათზე დაბნეულად შემყურე გამვლელებიც მეტყველებს. ბატონი ნოდარის სტატია ყველაფრისთვის არის შექმნილი მაგრამ არა იმისთვის, რომ ამ თავგზააბნეულ ხალხს საქმე გაუადვილოს.


ჩვენც ამ სვეტით იგივე შეცდომა რომ არ გავიმეოროთ, მოდით, ეკონომიკურ მოდელებს დავუბრუნდეთ და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც სულ ორი ინსტიტუტია: ხელისუფლება და ეკლესია. ძალიან ვწუხვარ ამ მოდელის ცოტა გართულება რომ მიწევს, მაგრამ კიდევ ოდნავ უნდა დავძაბოთ ჩვენი წარმოსახვა და მონახაზს დავამატოთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხის განურჩეველი მასა, რომლის ნაწილიც ხელისუფლების მიერ დადგმულ საკნებშია გამომწყვდებული (ზოგი სამართლიანად და ზოგი უსამართლოდ, თუმცა ამას მოდელისთვის მნიშვნელობა არა აქვს) და დანარჩენი კიდევ გაურკვევლად დარბის საკნებს შორის თავგზააბნეული. მოდელის სიმარტივისთვის ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა საკნებს შორის მორბელანლი დაბნეული ხალხისთვის ისეთი თამაშის წესების შემუშავებაა, რომ მას ეს დაბნეულობა ნელ-ნელა მაინც თავდაჯერებულობაში გადექცეს და ეკლესიის ერთადერთი ამოცანა კი ის არის, რომ სანამ ხალხი თავზგააბნეულია მას ნუგეში სცეს და მომავლის იმედი ჩაუსახოს. ვფიქრობ, მოდელი საკმაოდ მარტივია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუკი ხელისუფლებამ და ეკლესიამ დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა: თავგზააბნეული ხალხის რაოდენობა იკლებს და შესაბამისად იკლებს საკანში გამომწყვდეულ ადამიანთა რიცხვიც. ახლა ორი ექსტრემალური ვარიანტია განსახილველი: პირველი, როდესაც ეკლესია ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მეორე როდესაც ხელისუფლებას არ ძალუძს საქმეს გაუძღვეს. პირველ შემთხვევაში დაბნეულ ხალხთა რაოდენობა ჩვენს მოდელში იმატებს მაგრამ იგი ვერასდროს შეუქმნის საფრთხეს სახელმწიფოს, რადგანაც ხელისუფლება იმისთვის ზრუნავს, რომ თავგზააბნეულთა რაოდენობა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ამისი ნათელი მაგალითი თანამედროვე ევროპაა, სადაც ეკლესია, უმეტეს წილად, მუზეუმის ნაირსახეობადაა ქცეული და ამაში დიდი წვლილი ეკლესიის მამათა უხეშ შეცდომებს მიუძღვის. თუმცა ამ ამბავს არსად გამოუწვევია სახელმწიფოებრივი კრიზისი, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო გამართულად მუშაობს. აი, ამ წერილში აღწერილ მეორე ვარიანტში კი შედეგები გაცილებით საინტერესოა: სახელისუფლო სისტემის გაუმართაობით დაბნეული ხალხი კიდევ უფრო გაზრდის საკნებში მყოფთა რიცხვს და იმათ რაოდენობას, ვინც გამოსავლის საძებნელად ეკლესიას მიაკითხავს. საბოლოოდ ეკლესიის მომკითხველთა ჯამი მიაღწევს ისეთ კრიტიკულ ზღვარს, რომლისთვისაც თავის გართმევა ამ ინსტიტუტს ძალიან გაუჭირდება. ის გადატვირთავს საეკლესიო სისტემას, მოსთხოვს მას გაცილებით მეტ რესურს, ვიდრე ეკლესიას ხელთ მოეპოვედა და ამავდროულად გაზრდის მის რწმენას საკუთარ ყოვლისშემძლეობაში. ეს ყველაფერი ერთად გახდება სათავე ჯერ მოუზომელი განცხადებებისა და შემდეგ ფატალური შეცდომებისა. ამ სცენარის ნათელი მაგალითი არაბეთის უამრავი ქვეყანა და, სამწუხაროდ, საქართველოა.


ბატონი ნოდარ ლადარია დამნაშავეებს იქ ეძებს, სადაც მხოლოდ მსხვერპლათა პოვნა მოხერხდება. შეუძლებელია, ნაწილობრივ მაინც არ დაეთანხმო საქართველოს პატრიარქს: დღეს ნამდვილ დამნაშავეებს ქართულ ციხეში იშვიათად თუ იპოვი. ქართული ეკლესია სწორედ რომ ჯერ კიდევ კარგად ართმევს თავს მასზე მოზღვავებულ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთა დიდი წილის მოგვარება არა ეკლესიის არამედ სახელისუფლებო სისტემის საქმეა.


ამ რამდენიმე კვირის წინ განცვიფრებული ვიკთხულობდი სტატიას ბი-ბი-სი-ის ვებ გვერდზე, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი მთელს მსოფლიოს მოუთხრობდა თუ როგორ ნათლავს საქართველოს პატრიარქი ქართულ ოჯახში დაბადებულ ყოველ მესამე ბავშვს და როგორ იმატა ამის გამო შობადობამ ჩვენს ქვეყანაში. ჩნდება კითხვა: რატომ უწევს პატრიარქს ისეთი ექსტრაორდინალური ნაბიჯების გადადგმა ერის დემოგრაფიის გადასარჩენად, რომ თვით ბი-ბი-სი-ის რედაქციაც კი მიზანშეწონილად მიიჩნევს ეს ამბავი რამდენიმე დღის განმავლობაში სათვაო გვერდზე დაახვედროს მკითხველს? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ სახელუსიფლებო სისტემის დემოგრაფიული პოლიტიკა ან არ არსებულია ანდა იმდენად სპორადული და უნიათო, რომ ჯობია ისევ არარსებული იყოს.
საინტერესოა, რას თხოვს ბატონი ნოდარ ლადარია საქართველოს პატრიარქს? რა იქნებოდა მისთვის პატრიარქისგან დამაკმაყოფილებელი განცხადება მსჯავრდებულებთან შეხვედრისას? რომ ისინი დამნაშავეები არიან, რომ სამართლიანად სხედან საკნებში და რომ მათთვის ჯოჯოხეთის კარიბჭე ღიაა? მგონია, შუა საუკუნეების ქართული სალიტურგიო წესების კარგად მცოდნეთ გვავიწყდება, რომ პარტიარქი არც პოლიტიკური პირია და არც სახელმწიფო მოხელე. მისი ფუნქცია საქართველოს ყველა შვილისთვის გაჭირვების ჟამს ნუგეშის ცემაა მიუხედავად ჩადენილი ცოდვის სიმძიმისა. ამ არგუმენტის სისწორის გადასამოწმებლად სჯულის კანონის ზედმიწევნით ცოდნა არ არის საჭირო, სახარების გადაკითხვაც კმარა.


რა თქმა უნდა, დღევანდელი ქართული ეკლესიის ფუნქციები არავითარ შემთხვევაში შეესაბამება დემოკრატიული, სეკულარული სახელმწიფოს სტანდარტებს. გადამეტებულ ძალაუფლებას გადამეტებული ამპარტავნობისკენ და ამით ფატალური შეცდომებისკენ მივყავართ. ამის უპირველესი მაგალითი საქართველოში არა ეკლესია, არამედ სახელისუფლებო შტოა. ეკლესიისთვის ძალაუფლების შეკვეცა ეკლესიის კი არა, სახელმწიფოს ამოცანაა და თუ ამ მიზანს ვერ ვაღწევთ, საყვედური სხვაგან გვეთქმის.


ბატონი ნოდარი ლიბერალიზმს თხოვს იმ ინსტიტუტს, რომლის არსიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ამ ცნებას და ავიწყდება საყვედური უთხრას იმათ, ვინც კაცის მკვლელებს ქუჩაში უშვებს და საყოფაცხოვრებო ნაწარმის ქურდს ბოლომდე ციხეში ალპობს.


რთულია, ერთ საკითხში არ დაეთანხმო ბატონ ნოდარს: ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის “საკნის” პრობლემა. მაგრამ მას პატრიარქის “მოთოკილი ლიბერალიზმი” ვერაფრით შეცვლის. პრობლემის სათავე და მისი გასაღებიც მოდელის მეორე მხარეს არის საძებნი.


... და იმას, დასავლეთიდან ცუნამი ჩამოვა თუ არა, და რას იტყვის ამაზე ქართული მედია, მოდელისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

 

 

 

 

© 2009 Sulkhan Metreveli