Full version only in Georgian language
საქართველო ოქსიმორონების ქვეყნაა. ასეთი იყო და, ალბათ, მომავალშიც ასეთად დარჩება. იშვიათად თუ მოძებნით დედამიწის ზურგზე სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ოქსიმორონები. აი, მაგალითად, სხვა რომელ ქვეყანაში შეიძლება ნახოს კაცმა ერთპარტიული დემოკრატია? ან ოპოზიცია, რომელიც ერთ დღეს მანდატებს ხევს და მეორე დღეს კი მისი ნაწილი პარლამენტში ზის? ანდა თუ გნებავთ ადამიანი, რომელიც თავის შვილს პრეზიდენტის საპატივცემულოდ პრეზიდენტისავე სახელს არქმევს და ორი წლის შემდეგ ამავე პრეზიდენტს გადატრიალებას უწყობს - თანაც ვარდებით. ამ ოქსიმორონებში ქართველი პოლიტკოსები, გნებავთ მმართველი ელიტიდან და გნებავთ ოპოზიციიდან ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჩვენც - ქართველი ხალხი - იმდენად მივეჩვიეთ მსგავს ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომ საშინლად ცუდად ვგრძნობთ თავს, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა ადეკვატურად და არა “ოქსიმორონულად” იქცევა. აბსურდია, “ნაციონალური მოძრაობა” გამოაცხადო მთავარ დამნაშავედ იმაში, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება.
ახლა რომ ქუჩაში 10 ქართველი გავაჩეროთ და ვკითხოთ, როგორ ფიქრობენ ისინი, გაყალბდა თუა არა საქართველოში ბოლო არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მათგან რვა მაინც გულწრფელად აღიარებს, რომ არჩევნები მნიშვნელოვნად გაყალბდა. მაგრამ ამავე დროს იმასაც იტყვის, რომ გაუყალბებლადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებს მოიგებდა - არა ამხელა უპირატესობით, მაგრამ მაინც. ამ ამბიდან ორი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: 1. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულიად გათვითცნობიერებულია იმაში, რომ ოდითგანვე (აქ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლები იგულისხმება) გაყალბებული ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ურნებში ეროვნული სპორტის სახეობად იქცა - გათვითცნობიერებულია, მაგრამ ითმენს და უფრო მეტიც ხშირად თავადაც მონაწილეობს ამაში (ეროვნული თუა, ხალხი ხომ უნდა ჩაებას საქმეში). 2. მმართველი პარტია მაინც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოში. თუ ეს ორი რამ ფაქტია, გამოდის “ნაციონალური მოძრაობა” სრულიად დამსახურებით და ხალხის ნებართვით მოვიდა ამხელა უპირატესობით პარლამენტში. მაგრამ ოქსიმორონი, უკვე სახალხო და არა ელიტარულ-პოლიტიკური, აქედან იწყება: ჩვენ - ქართველი ხალხი - ისევ შეურაცხყოფილი დავრჩით, რომ დაახლოებით კომუნისტური პარლამენტი მივიღეთ, თანაც უკვე მეოთხედ. ესე იგი, ჩვენ მეოთხედ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს და დამუხტულები ველით ხელისუფლებისგან, რომ ის დათმობებზე წავა, ოპოზიციასთან მემორანდუმებს გააფორმებს და 6 ვიცესპიკერის სკამისგან მინიმუმ ორს, კარგი იქნება თუ სამსაც, ოპოზიციას დაუთმობს. ალბათ, უფრო უკეთესი იქნებოდა, ეს 6 ვიცესპიკერის პოსტი პარლამენტში 150-მდე გაგვეზარდა, ნაწყენიც არავინ დარჩებოდა ვიცესპიკერებს ძალიან მძიმე სამუშო მნიშვნელოვნად გაუადვილდებოდათ და ჩვენს მტრებსაც თვალებს დავუბნელებდით - მაგრამ ეს ისე, ჩემი გადახვევაა, რეალობას ანუ ოქსიმორონებს დავუბრუნდეთ: სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ და ვთქვათ, რომ 75 წლიანმა კომუნისტურმა და მანამდე კიდევ საუკონოვანმა მეფის რუსეთის მმართველობამ იმდენად გაგვაზარმაცა ქართველი ხალხი, რომ ჩვენს გასაკეთებელს ხელისუფლებას ვთხოვთ და თუ მან ეს არ გააკეთა, უაღრესად აღშფოთებულები ვართ. ფაქტია, ჩვენივე მასობრივი მონაწილეობის გარშე არჩევნები ისე ვერ გაყალბდება, როგორც აქამდე ყალბდებოდა - ხელისუფლებას, უბრალოდ, ამის რესურსი არა აქვს და ისიც ფაქტია, რომ ოპოზცია ხალხმა უნდა აირჩიოს და არა ხელისუფლებამ.
ვიდრე ვერ მივხვდებით, რომ არჩევნებს არა “ისინი” არამედ ჩვენ ყველანი ერთად ჩვენი დუმილითა თუ თანამონაწილეობით ვაყალბებთ და ვიდრე ხელისუფლებას იმას მოვთხოვთ, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, მანამდე დარჩება საქართველო ერთპარტიულ დემოკრატიად და ოქსიმორონების ქვეყნად.
და ის კი საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ოქსიმორონები მხოლოდ ლიტერატურაშია კარგი და პოლიტიკაში დამღუპველი.