Full version only in Georgian language
"მარკ მანდერსის არ ყოფნა" ბოლო გამოფენა იყო, რომელიც ციურიხის ხელოვნების მუზეუმში (როგორც გერნამანელი უწოდებენ „კუნსტჰაუსში") ვნახე. მას შემდეგ არც თუ დიდი ხანი გავიდა. მარკ მანდერსი საკმაოდ სახელგანთქმული თანამედროვე ჰოლანდიელი ხელოვანია, რომელიც იმ საღამოს, სხვა, უფრო ცნობილი, შვეიცარიელი სკულპტორის ალბერტო ჯაკომეტის შემოქმედების სანახავად მისულ ჩემს მეუღლესა და მე, რომ იტყვიან, "ხელში მოგვყვა." რადგანაც იქ ვიყავით და რადგანაც მუზეუმი კიდევ ღია იყო მარკ მანდერსის გამოფენის ნახვას წინ არაფერი ედგა. მარკი, როგორც გამოფენის სახელიც ცალსახად მიგვანიშნებდა, იქ არსად იყო. ჩემი რვაწლიანი "კუნსტჰაუსური" ვოიაჟებისას იშვიათად შემხვედრია ასე კარგი შერწყმა გამოფენის სათაურისა თვით გამოფენის შინაარსთან. გარემო, რომელიც სათაურითა და მანდერსისთვის დათმობილი სივრცით იქმნებოდა, მნახველში უცნაურ გრძონას იწვევდა. ხელოვნების მუზეუმი გეპატიჯებოდა ისეთი ვიღაცის ანდა რაღაცის სანახავად, ვინც ან რაც, პრინციპში, იქ არ იყო. ასეთ რამეს შვეიცარიული პუბლიკა, პირველად თუ არა, ალბათ, უაღრესად იშვიათად განიცდის. მე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ იქ შესული, ნაცნობ ადგილას მოვხვდი. ვიყავი სივრცეში, რომელიც ჩემთვის ნაცნობი იყო და უკვე მრავავალჯერ გამოცდილ, მაგრამ ამით არანაკლებ უჩვეულო, გრძნობას აღმიძრავდა. თუმცა მაშინ ვერაფრით გავიხსენე, რატომ და საიდან იყო ეს გრძნობა ნაცნობი.
ამის გასახსენებლად ჩემთვის უნცობი საინიციატივო ჯგუფის მიერ გორის ცენტრში მდგარი სტალინის ძეგლისთვის ადგილმდეობარეობის შეცვლის მოთხოვნა იყო საჭირო. რა დროს ძეგლიაო, ამ გაგანია სიდუხჭირის ჟამს, შეიძლება გაიფიქროს მკითხველმა და არ იქნება მართალი. ძეგლი არა იმდენად პიროვნებას ეძღვნება, რამდენადაც და უფრო მეტად იდეალებსა და მსოფლმხედველობას, რომელსაც ის პიროვნება განასახიერებდა. ძეგლით ქალაქი თუ თემი გვეუბნება, რა ღირებულებების მატარებელია მისი შემადგენელი სოციუმი. უფრო მეტიც იგი ძეგლის დანახვისას ახსენებს თავს თუ რისთვის უნდა იბრძოლოს, როგორ უნდა აღზარდოს მომავალაი თაობა. გამოდის, სიმბოლო, ნებისმიერი სახით, უაღრესად მნიშვნელოვანია. აღარ მახსოვს როდის, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისში ქართველი მოაზროვნის, მერაბ მამარდაშვილის, ძეგლი დაიგდა. ისევე როგორც სტალინის ძეგლი გორში, მისი ძეგლიც თბილისში უაღრესად სიმბოლოურია. დედაქალაქში ჩამოსულ ადამიანს რომ დაახვედრო წარწერა "მერაბ მამარდაშვილის არ ყოფნა " და ამის შემდეგ იგი მამარდაშვილის ძეგლთან მიიყვანო, მას სწორედ ისეთი გრძნობა დაეუფლება, როგორც მარკ მანდერის გამოფენაზე მოხვედრილ მნახველს. ჩვენ ვიგრძნობთ თავს ადგილას, სადაც დგას ძეგლი ადამიანისა, რომლის იდეებიც აქ ფეხს ვერ იკიდებს. ამის თვალნათელი მაგალითი გორში სტალინის ძეგლის ყოფნა არ ყოფნის შესახებ წამოწყებული კამათიც არის.
აქედანვე შევთანხმდეთ, რომ მე სრულიად ვიზიარებ პათოსს (ჩემთვის) ინკოგნიტო საინიციატივო ჯგუფისა და ვთვლი, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (უფრო მეტად სტალინად ცნობილი) ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი უდიდესი დესპოტი იყო, რომლის საქმის წარმატებულ გამგრძელებლებად დღეს ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტია თუკი გვესახება. დესპოტის ძეგლის საქართველოს ცენტრში დგომა სულ მცირე რაღაც უდიდეს (სიმბოლურ) შეცდომაზე მიუთითებს. ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ, რომ სტალინისა და მერაბ მამარდაშვილის ძეგლის დგომა ერთსა და იმავე ქვეყანაში ღირებულებათა წარმოუდგენლად დიდი კონფლიქტის მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ მერაბ მამარდაშვილი სტალინს თითქმის პირად მტრად მიიჩნევდა. ცხადია, იფიქრებს მკითხველი, ასეთ შემთხვევაში სტალინის ძეგლის მოხსნა და მისი რაიმე მუზეუმში გადატანა მართებულია და ეს რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაკეთდეს. პარადოქსული ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ იოსებ ჯუღაშვილის ძეგლის მოხსნით იმ ადგილიდან, რა ადგილასაც ის ახლა დგას, პრობლემა მერაბ მამარდაშვილის არყოფნისა საქართველოში არ მოგვარდება. არ მოგვარდება იმიტომ, რომ თავად კამათი ამ თემაზე უაღრესად მცდარი რაკურსით არის წამოწყებული და მიუთითებს კრიზისს ან თუ გნებავთ არ არსებობას იმ ქართულული res public-ისა რომლის შექმნაზეც მერაბ მამარდაშვილი ოცნებობდა და სანამ ეს res publica არ შეიქმნება, არ იარსებებს არც სივრე მამადაშვილისეული იდეებისთვის.
პრობლემა, რომელზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნა სტალინის ძეგლის აგდილმედებარეობაზე წამოწყებულმა კამათმა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურია და იგი ქართული პოპლიტიკური სისტემის არასრულყოფილებაზე მიუთითებს. საქმე რომ გავიიოლოთ, დავიწყოთ სიტყვა res public-ის მნიშვნელობით, რომლის ამ წერილში ლათინურად გამოსახვა სულაც არ არის კორექტორული შეცოდმა. res publica, მოგეხსენებათ, საჯარო საქმეს ნიშნავს და მისი არსებობა (ანუ საჯაროობის წარმოქმნა) საფუძველია ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოსი, სადაც, სანამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღება, იგი ჯერ საჯაროდ განიხილება. რადგანაც საქართველო (ნაწილობრივ მაინც) დემოკრატიული სახელმწიფოა, გამოდის, მასში ეს საჯაროობა არსებობს. მის არსებობაზე ისიც მიუთითებს, რომ ჩვენი საზოგადოება აგერ უკვე მრავალი დღეა განიხილავს სტალინის ძეგლის ბედს გორის ცენტრში. სამწუხარო ის არის, რომ განხილვა ამ საკითხისა სპორადული და უთავბოლოა. ქართული საჯაროობა არ არის სათანადოდ სტრუქტურირებული. არავინ სვამს კითხვას, რატომ და რა უფლებით, შემიძლია მე, თბილისის მოქალაქეს, მოვთხოვო გორელ მოქალაქეს თავისი ცენტრალური მოედნიდან მოხსნას ის ძეგლი, რომელიც, განურჩევლად ჩემი პროტესტისა, მას მსწონს (რომ არ მოსწონდეს, არ დადგამდა). სიტყვა საჯაროობა ამ შემთხვევაში უაღრესად ფართოდ უნდა გავიგოთ. საჯაროობის და დელიბერაციის შედეგად იქმნება დემოკრატიულ სახელმიფოში კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საჯაროობის წარმოქნის შედეგად წყდება საკითხი თემებსა და ქალაქებს შორის პროვინციებსა და ცენტრს შორის ძალაუფლების გადანაწილებისა. საჯაროობის მეშვეობით ქმნის საზოგაროება ერთიან ღირებულებებს. სტალინის ძეგლის არსებობა საქართველოში საჯაროობის დიდი კრიზისისა.
ჩვენს ქვეყანას არ განუხილავს და გადაუწყვეტია უამრავი პრობლემა, რომლის განუხილველად და გადაუწყვეტელად სრულყოფილი ქართული res public-ის შექმნა წარმოუდგენელია. ასეთ განუხილველ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება უაღრესად მტკივნეული თემა საბჭოტა ისტორიის შეფასებისა. სოციუმი, მსგავსად ნებისმიერ პიროვნებისა ცდილობს არ ისაუბროს და თავი აარიდოს საკითხებს, რომელიც მისთვის უაღრესად მტკივნეულია. ქართველებისთვის ასეთი საკითხი უამრავია. ერთ-ერთი უმთავრესი, როგორც უკვე ვთქვით, საბჭოთა წარსულის შეფასებაა. საკითხი საბჭოთა კავშირის ბოროეტების იმპერიად შეფასებისა ჯერ კიდევ ღიაა და პრობლემატური. თუკი საბჭოთა კავშირი ბოროეტების იმპერია იყო, ფიქრობს ქართველი ერი, თუმცა უჭირს ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი, მაშინ რა ვუქნათ იმ უამრავ სახელგანთქმულ ადამიანს, ვინც ამ იმპერიამ წარმოშვა? ანდა როგორ მოვეპყრათ ასეულ ათასობიტ ქართველს, რომელმაც ამ იმპერიის დაცვას თავი შესწირა მეორე მსოფლიო ომში და და რანაირად მოვექცეთ იმ თაობებს, რომლებიც ამ ომს "სამამაულო ომად" მოიხსენიებდა? თუკი სტალინი, მსოფლიოს ისტორიაში არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი დესპოტი იყო, გამოდის, საქართველოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამებაზე აგებს პასუხს. და პირიქით, თუკი ყველაფერი აქ ჩამოთვლილი არასწორია, მაშინ რატომ იბრძოდა უამრავი ქართველი საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან თავის დასაღწევად? ეს საკითხები უაღრესად მტკივნეულია. ფსიქოლოგიური ტკივილის თავიდან ასაცილებლად თოთოეული ადამიანისთვისაც და ეთნოსისთვისაც უამრტივესი გამოსავალი წარსულის დავიწყებაა. და ქართველებიც აგერ უკვე დაახლოებით ოცი წელია თავგამოდებით ვცდილობთ ჩვენი მტკივნეული წარსულის დავიწყებას ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, მის შელამაზებას, გაუმართლებლის გამართლებას, ბოროტის გაკეთილებას, მოკლედ, შექმნილი ვითარებიდან როგორმე თავის დაძვრენას. თუმცა, რეალობისგან, რომლის კონსტრუირებაში უდიდესი წვლილი წარსულ გამოცდილებას მიუძღვის, თავის დაღწევა შეუძლებელია. იგი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, თითქმის ყოველ დღე გვახსენებს, რომ არის უამრავი პრობლემა გამოწვეული წარსულის დავიწყებით და სანამ ეს პრობლემები სათანადოდ არ მოგვარდება და შეფასდება, მანამ ქვეყანაში სრულყოფილი საჯაროობის შექმნა შეუძლებელია. სრულყოფილი საჯაროობის გარეშე კი ქვეყნის განვთიარებაა წარმოუდგენელი.
ქართული სახელმწიფო არც პირველია და არც უაკანსკნელი, ვისაც წარსულის ურთულეს მემკვიდრეობასთან უწევს გამკლავება. სამაგალითოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი გერმანული სახელმწიფო კმარა, რომელიც მემკვიდრე იყო "მესამე იმპერიის" ჩადენილი ყველა ენით აღუწერელი ცოდვისა და რომელსაც, სხვა საკითხთა შორის, ებრალეთა გენოციდის შეფასების პრობლემა უნდა გადაეწყვიტა.
გერმანელებისთვის ამ თემაზე ლაპარაკი გაცილებით რთულია, ვიდრე ქართველებისთვის საბჭოთა წარსულის განხილვა. თუმცა გერმანელებსა და ქართველებს შორის არის ერთი დიდ განხსვავება: ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქეებს გააზრებული აქვთ რაოდენ მნიშვნელოვანია წარსული გამოცდილების შეფასება, მისი საჯაროობაზე გამოტანა და საკითხის ასე თუ ისე გადაწყვეტა. დღეს ფაშისტების მიერ ებრაელთა გენოციდი გერმანიაში უდიდეს დანაშაულად ითვლება და ამის უარყოფა კანონით ისჯება. ამ მაგალითით ცხადი ხდება, რომ თემის განხილვით და არ მისი დავიწყების მცდელობით გერმანელებმა მოახერხეს დემოკრატიულ სივრცეში საკითხის განხილვა და მისი უმნიშვნელოვანესი ასპექტების ლეგალურ ჩარჩოში მოქცევა. შედეგი უმარტივესია: დღეს აზრად არავის მოუვა, იკითხოს, უნდა იდგეს თუ არა ადოლფ ჰიტლერის ძეგლი ფრანკფურტის ცენტრალურ მოედანზე. საკითხი დიდი ხნის განხილული და გადაწყვეტილია. გერმანელების საპირისპირო მაგალითი თურქების მიერ სომხების გენოციდია. უნდა ვთქვათ, რომ გერმანიისგან განსხვავედით თურქეთი სემიდემოკრატიული სახელმწიფოა და იქ გარკვეული თემები ან ტაბუდადებული ანდა ვიღაც ავტორიტეტის მიერ აპრიორი გადაწყვეტილია. ამიტომ თურქეთში, საქართველოს მსგავსად, არსებობს საჯაროობის შექმნის და აქედან გამომდინარე ქვეყნის განვითარების პრობლემა.თუ გონება არ მღალატობს, თურქეთში კანონმდებლობის დონეზე საკითხი სომეთა გენოციდისა კარგა ხნის გადაწყვეტილია. ნებისმიერი, ვინც ამ გენოციდს აღიარებს, ისჯება. გამოდის, გერმანიის მსგავსად, თურქებმაც მოაქციეს ეს თემა იურიდიულ ფარგლებში და საკითხი გადაწყვეტილია. სამწუხაროდ, საქმე ასე მარტივად არ არის. გერმანიისგან განსხვავებით, თემა სომხების გენოციდისა თურქეთში არასდროს გამხდარა საჯაროობის ნაწილი. იგი საზოგადოებისთვის ტაბუდადებულ თემად რჩება და მსგავსად საქართველოსი თურქ მოქალაქეებსაც რეალობა ძალიან ხშირად ახსენებს, რომ საკითხი სულაც არ არის მოგვარებული.
თუმცა თურქული საჯაროობის პრობლემა ჩვენ არც თუ ძალიან უნდა გვაღელვებდეს ამ ეტაპზე და ჯობია ისევ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ. საქართველოში res public-ის პრობლემები წყდება ან თურქულად ან საერთოდ გადაუწყვეტელი რჩება. თურქულად გადაწყვეტაში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად ქართული პოლიტიკური ელიტა საზოგადოების დაუკითხავად იღებს გადაწყვეტილებებს თემებზე, რომელთა საჯარო განხილვის გარეშე ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა საბოლოო ჯამში პრობლემას უფრო ამწვავებს. ამის მაგალითად საკმარისია საქართველოში „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის“ შექმნა, რის ფაქტსაც, მე, როგორც, რიგითი მოაქლაქე, მივესალმები. მაგრამ როგორ შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში მუზეუმი რაიმე ისტორიულ მოვლენაზე, რომლის საჯარო შეფასება საზოგადეოაბში ჯერ არ ყოფილა? აქ ისევ მამარდაშივილისეულ არ ყოფნის პრობლემას ვუბრუნდებით. მერაბ მამარდაშვილის ძეგლის არ იყოს, ძალიან რთულია ახსნა, რაინაირად შეიძლება ქვეყანაში გქონდეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ამავე დროს გორში სტალინის ძეგლს პატივს მიაგებდე?
სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვა გორის ცენტრიდან პრინციპულად არამართებულია. მისი ადგილზე დატოვებით ანდა მისთვის მუზეუმში ახალი ადგილის მიჩენით პრობლემა ქართული res public-ის არ არსებობისა გადაუწყვეტელი რჩება. ქართული საზოგადოება ისევ აგრძელებს ბრძოლას პრoბლემების სიმპტომებთან და არა მიზეზებთან. ერთადერთი გამოსავალი საქართველოს რესპუბლიკაში ნამდვილი res public-ის შექმნისა ჩვენი ბედნირი თუ უბედური წარსულის საჯაროობაზე გამოტანა, მასზე გულახდილი საუბარი, მისი სათანადო შეფასება, ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა და შემდეგ წარსულისთვის საბოლოოდ მიბარებაა. მხოლოდ სრულყოფილი საჯაროობის მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ფიქრი ნამდვილ ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მხოლოდ ასე თუ გადაწყდება პრობლემა მერაბ მამარდაშვილის არ ყოფნისა იქ, სადაც მისი მართებული ადგილია. მხოლოდ ასე თუ დაესმევა საბოლოო წერტილი კითხვას ვინ იყო ქალაქ გორის უდიდესი შვილი, სტალინი თუ მერაბ მამარდაშვილი და გაირკვევა, ვის უნდა ეჭიროს საპატიო ადგილი საქართველოს შუაგულში მდებარე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.