Full version only in Georgian language.
ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ერთი და თანაც საკმაოდ დიდი ნაწილი, რუსეთთან კვლავ დაახლოების მომხრეა და ისიც ფაქტია, რომ ეს ქართული საზოგაოდების მეორე, ალბათ უფრო დიდი ნაწილის წარმოუდგენელ გაღიზიანებას იწვევს.
თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მართლაც დემოკრატიული და პლურარისტული სახელმწიფოს აშენებას აპირებს, ისიც თავისთავად ცხადია, რომ ძალას, რომელიც რუსეთის ინტერესების დაცვას ცდილობს საქართველოში, არსებობის უფლება აქვს. რამდენადაც თქვენი მონამორჩილისთვის არის ცნობილი, ამჟამინდელ ხელისუფლებას არც არასდროს უთქვამს, რომ პრორუსული ძალების არსებობა საქართველოში არ შეიძლება. არ უთქვამს, მაგრამ უგულისხმია. აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ხელისუფლება ცდილობს, მის ოპონენტებს (თითქმის უკლებლივ ყველას) პრორუსულობის იარლიყი მიამაგროს, რაც ხშირად წარმატებულად გამოდის კიდეც. ახლანდელმა მთავრობამ იცის, რომ პრორუსულობა რეიტინგის საგრძნობელ დაწევას კი ნიშნავს, მაგრამ სრული პოლიტიკური სიკვდილისთვის საკმარისი არ არის. ამიტომაც ოპოზიციურ ძალთა ლიდერები არა მარტო პრორუსულად მოაზროვნეებად არამედ რუსეთის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებლებადაც გვესახებიან. ამას საქმე სულ სხვა ჭრილში გადააქვს: გამოდის, რომ ოპოზიციონერები არა მარtო პრორუსულები არაიან, არამედ არაკანონიერი გზით ცდილობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დახმარებას, რაც, თავისთავად ცხადია, აღმაშფოთებელია.
მაგრამ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს ეს ამბავი, საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესების უმთავრეს გამტარებელ ძალად საქართველოში არა “გაერთიანებული ოპოზიცია” თუ “ლეიბორისტული” (უნდა შევნიშნოთ - “შრომის” - მკითხველი რომ არ დაიბნეს) პარტია, არამედ თავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გვესახება.
დღევანდელი მმართველი ელიტა ყველაფერს აკეთებს იმისთვის (არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული - მხოლოდ მიამიტ ევროპელს თუ დააჯერებს კაცი, რომ საქართველოში არჩევნები “პრინციპში” გაუყალბებლად ტარდება - უამრავი გადამოწმებული თუ გადაუმოწმებელი კომპრომატით დამთავრებული), რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს. დღესაც,
უკანასკნელი არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს არა დარჩენიათ რა იმის მეტი, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და სახელწიფო გადატრიალებით დაიმუქრონ. გასაკვირი ის არის, რომ მოწინააღმდეგეთა თამაშგარე სიტუაციაში დატოვებით ხელისუფლება თავად ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, რადგანაც დღევანდელი სიტუაციით სარგებლობა ყველაზე კარგად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს შეუძლია.
თუკი “ნაციონალურ მოძრაობას” მართლა უნდა რუსული ძალების განეიტრალება საქართველოში, მათ ლეგალურ ჩარჩოებში თამაშის შესაძლებლობა უნდა მისცეს - მისი რა მიდის, ეს ძალები ხომ უაღრესად დაბალი რეიტინგით სარგებლობენ?
კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის შემდეგი: განა ქართული ელიტა ვერ ხვდება, რომ დღევანდელი პოლიტიკური თამაში რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარეობს? მიხვედრით, ალბათ, ხვდება. მაგრამ ან ერთი: ისეთი ხარბია, რომ ერთი სკამის დათმობაც კი არ ემეტება პარლამენტში ზემოხსენებულ ძალთა გასაჩუმებლადაც კი ან მეორე: მას რუსული ძალების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება ხელს აძლევს. ხელს აძლევს იმიტომ, რომ ამით საქართველოს მშიერი, მწყურვალი და უმუშევარი მოსახლეობის ყურადღების გადატანას ახერხებს ხელოვნურად შექმნილ ჩრდილოულ საფრთხეზე და ამით მოსახლეობაში იმგვარ ისტერიას თესს, რომელიც წინაპირობაა ყველა საშინელი დიქტატურისა. მოგეხსენებათ, ნებისმიერ დიქტატურას სჭირდება ოპონენტი, რომლის დემონიზაციითაც იგი თავის არანაკლებ დემონურ ქმედებებს გამართლებას მოუძებნის და საზოგადოებრივი აზრის კონტროლს მოახერხებს. ასე ებრძვოდა კათოლიკური ეკლესია “ერეტიკოსებს”, ასე ჟლეტდა ჰიტლერი ებრაელებს და ასე ავლებდა მუსრს კომუნისტური ხელისუფლება “კონტრრევოლუციურად” განწყობილ ადამიანებს. გამოდის, დღევანდელი ქართული ხელისუფლება ამ „დიად“ პოლიტიკურ ძალათა სულიერი მემკვიდრეობის გამგრძელებელია.